ვანო მერაბიშვილის საქმე

მერაბიშვილის საკნიდან გაყვანის შესახებ ინფორმაციაზე გამოძიება დაიწყო

მთავარი პროკურატურა
პროკურატურა

ვანო მერაბიშვილის საკნიდან გაყვანის შესახებ ინფორმაციაზე პროკურატურამ გამოძიება დაიწყო. 

"ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2016 წლის 14 ივნისის გადაწყვეტილების საფუძველზე საქართველოს მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში დაიწყო გამოძიება ცალკეულ საჯარო მოხელეთა მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით", - აცხადებს მთავარი პროკურატურა.

ციხის საკნიდან გაყვანის შესახებ ყოფილმა პრემიერმინისტრმა ვანო მერაბიშვილმა 2013 წლის 17 დეკემბერს გამართულ სასამართლო სხდომაზე ისაუბრა. მერაბიშვილის ინფორმაციით, 14 დეკემბერს, ღამის საათებში ციხის ადმინისტრაციამ მერაბიშვილი მთავარ პროკურორთან შესახევდრად გაიყვანა. ყოფილი პრემიერის მტკიცებით, მაშინდელმა მთავარმა პროკურორმა ოთარ ფარცხალაძემ მას კითხვები ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საქმეზე დაუსვა. მერაბიშვილმა სამართალდამცავებს ციხის ადმინისტრაციის კამერების ჩანაწერების შემოწმებისკენ მოუწოდა, თუმცა მერაბიშვილის ამ განცხადებას რაიმე სამართლებრივი რეაგირება სახელმწიფოს მხრიდან არ მოჰყოლია. 

აღსანიშნავია, რომ პოლიტიკურად მოტივირებული დევნის დადგენისას, სტრასბურგის სასამართლოზე გადამწყვეტი გავლენა იქონია 2013 წლის 14 დეკემბერს მერაბიშვილის ციხიდან გაყვანის ინციდენტმა და ამ ფაქტის გამოუძიებლობამ. სასამართლომ განსაკუთრებული მნიშვნელობა მიანიჭა იმ გარემოებას, რომ ციხის ადმინისტრაციამ არ წარმოადგინა სათვალთვალო კამერების ვიდეოჩანაწერი, ხოლო პრემიერმინისტრი, სასჯელაღსრულების მინისტრი და მთავარი პროკურორი აშკარად ეწინააღმდეგებოდნენ ამ საქმის ობიექტურ გამოძიებას. ამ გარემოებებიდან გამომდინარე, სტრასბურგის სასამართლომ ციხიდან გაყვანის ინციდენტის მერაბიშვილისეული ვერსია დადასტურებულად მიიჩნია. აქედან გამომდინარე, სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ მერაბიშვილის წინასწარ პატიმრობას, მისი მხრიდან შესაძლო კანონდარღვევების გამოძიების გარდა, ჰქონდა სხვა, უკანონო მიზანიც - მოეხდინათ მასზე მორალური ზეწოლა და ეიძულებინათ, გამოძიებისათვის მიეცა ინფორმაცია სხვა საქმეებთან დაკავშირებით, რომლებსაც არანაირი კავშირი არ ჰქონდათ საკუთრივ მერაბიშვილისათვის წაყენებულ ბრალდებასთან.

კომენტარები