იუსტიციის უმაღლესი საბჭო

რ2: მოსამართლეობის შემთხვევაში ურთმელიძე სიტყვის თავისუფლების შეზღუდვას ეცდება

თამაზ ურთმელიძე
რუსთავი 2

დღეს ყოფილმა მოსამართლემ თამაზ ურთმელიძემ მოსამართლეების შესარჩევ კონკურსში გასაუბრება გაიარა. რუსთავი 2-ის საქმის განმხილველ მოსამართლეს 10-წლიანი ვადა მიმდინარე წლის მაისში დაუმთავრდა და მას კვლავ სურს მოსამართლედ მუშაობის გაგრძელება.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა ურთმელიძეს კითხვები ძირითადად რუსთავი 2-ის საქმეზე დაუსვეს. რუსთავი 2-ის ინფორმაციით, ურთმელიძემ მოსამართლეობის შემთხვევაში, სიტყვის და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას აპირებს. მისი თქმით, მოსამართლის მიმართ "პატივის და ღირსების შემლახველი" განცხადებები არ უნდა კეთდებოდეს.

რუსთავი 2-ის ინფორმაციით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი ევა გოცირიძე დაინტერესდა, თვლიდა თუ არა ურთმელიძე, რომ მისი პატივი და ღირსება შეილახა მაშინ, როდესაც მისი მისამართით ისმოდა კრიტიკული განცხადებები. ურთმელიძემ განაცხადა, რომ მისი პატივი და ღირსება ნამდვილად შეილახა, სწორედ ამიტომ, მისი თქმით, ის თუ კვლავ გახდება მოსამართლე, შეეცდება სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება გარკვეულწილად შეიზღუდოს. მისი თქმით, უნდა არსებობდეს ზღვარი, რომ ვერავინ შეძლოს მოსამართლის მიმართ მსგავსი განცხადებების გაკეთება.
რუსთავი 2-ისვე ინფორმაციით, თამაზ ურთმელიძემ მედიის წარმომადგენლებს განათლების დონე დაუწუნა და მათ არაობიექტურობაზეც ისაუბრა.

თამაზ ურთმელიძეს ასევე ჰკითხეს, თუ მისი პატივი და ღირსება შეილახა, რატომ არ მიმართა სასამართლოს. როგორც ურთმელიძემ აღნიშნა, მას მომზადებული ჰქონდა საჩივარი, თუმცა რადგან რუსთავი 2-ის საქმეზე მუშაობდა, 100-დღიან ვადაში ვერ ჩაეტია და ვერ მოასწრო სასამართლოსთვის მიმართვა.

ჯერ-ჯერობით უცნობია, რა გადაწყვეტილებას მიიღებს იუსტიციის უმაღლესი საბჭო. მოსამართლეობის კანდიდატების კენჭისყრა ფარულია. ამასთან, იუსტიციის საბჭოს წევრებს არ აქვთ ვალდებულება დაასაბუთონ, თუ რატომ მისცეს ან არ მისცეს ხმა ამა თუ იმ კანდიდატს. ამ ეტაპზე ასევე უცნობია, როდის გაიმართება კენჭისყრა.

კომენტარები