ინვესტიციები

ჩინური ინვესტიციებით ქურთუკების საწარმო აშენდება, პროდუქცია ექსპორტზე გავა

0 კომენტარი
ფოტო: flickr.com

საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ძიანგისის პროვინციის მთავრობისა და ბიზნესის დელეგაცია იმყოფება. ჩინურმა მხარემ შეხვედრები ეკონომიკის სამინისტროსა და საპარტნიორო ფონდთან გამართა. ამ შეხვედრებზე გადაწყდა რომ ჩინური მხარე საქართველოში ქურთუკების ქარხანას ააშენებს. წინასწარი პროექტით, საწარმო რუსთავის მახლობლად აშენდება და ის პროდუქციას საექსპორტოდ უცხოური ბრენდებისთვის დაამზადებს. ჩინური მხარის მოთხოვნით პროექტში საქართველოს სახელმწიფო - საპარტნიორო ფონდის სახით უნდა ჩაერთოს. პროექტის დაწყების შესახებ საპარტნიორო ფონდის თავმჯდომარემ დავით საგანელიძემ განაცხადა.

"საუბარია იმაზე, რომ საქართველოს ტერიტორიაზე შეიკეროს ის ქურთუკები, რომელსაც ამ ქარხანას უკვეთავს სხვადასხვა მსხვილი ბრენდები, მე ამ კომპანიების დასახელებისგან თავს შევიკავებ, ყველამ კარგად ვიცით და ყველას გვინახავს. ეს ბრენდები უკვეთავენ ქარხანას და შემდგომ გააქვთ ევროპაში, სწორედ ასეთი ბრენდების მიერ შეკვეთილი პროდუქციის წარმოებისთვის იქმნება ახალი საწარმო.

გადაწყვეტილება საწარმოს შექმნასთან დაკავშირებით მიღებულია. გუშინ ამ საკითხზე ძიანგსის ვიცეგუბერნატორთან შევთანხმდით, დანარჩენი უკვე კონკრეტული საკითხებია. მინდა გითხრათ, რომ საპარტნიორო ფონდის მონაწილეობა სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ არ იქნება დიდი. ჩინური მხარისთვის მთავარია, რომ სახელმწიფოს მონაწილეობა დაფიქსირდეს. ჩვენ შეიძლება დიდი ინვესტიციები არ განვახორციელოთ, თუმცა ფონდის ყოფნა თუნდაც 10%-ით იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ჩინური მხარისთვის." - ამბობს დავით საგანელიძე.

საპარტნიორო ფონდის დელეგაცია ძიანგსის პროვინციაში 2016 წლის მარტში იმყოფებოდა, მაშინ ქართულმა მხარემ ძიანგსის უმსხვილესი ბიზნესების წარმომადგენლებს საქართველოს ეკონომიკური შესაძლებლობები გააცნო. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ლევან ბერძენიშვილი

კომენტარები