დიდი და წმიდა კრება 2016

კრება: არამართლმადიდებელთან ქორწინება იკრძალება, არაქრისტიანთან კატეგორიულად

ალი და ნინო
simplemost.com

მიუხედავად საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდისა და კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის მრავალგზის თხოვნისა, კრეტის კრებამ, დოკუმენტი, სახელწოდებით "ქორწინების საიდუმლო და მისი დამაბრკოლებელი მიზეზები" მაინც განიხილა და დაამტკიცა, თუმცა, ზოგიერთი ფორმულირება შეცვალა. საქართველოს საპატრიარქო ითხოვდა კრებისწინა დოკუმენტში შეცვლილიყო შემდეგი ჩანაწერი:

"ქორწინება მართლმადიდებლებისა არამართლმადიდებლებთან იკრძალება კანონიკური აკრიბიის მიხედვით და არ იკურთხება (ტრულის კრების 72-ე კანონი), თუმცა შესაძლებელია იკურხოს შემწყნარებლობითა და კაცთმოყვარეობით, მაგრამ იმ პირობით, რომ ამ ქორწინების შედეგად დაბადებული ბავშვები  მოინათლებიან და  აღიზრდებიან  მართლმადიდებელ  ეკლესიაში".

წმიდა სინოდი მოითხოვდა, აღნიშნულ მუხლში დარჩენილიყო ტექსტის პირველი ნაწილი, სადაც აკრძალულია არამართლმადიდებლებთან ქორწინება, ხოლო მეორე ნაწილი, სადაც ვკითხულობთ, რომ ის შესაძლებელია იკურთხოს გარკვეულ შემთხვევაში, ამოღებულიყო. 

კრების საბოლოო დოკუმენტში ამგვარი ჩანაწერი გაჩნდა:

"მართლმადიდებლის არამართლმადიდებელთან [სხვა კონფესიის ქრისტიანთან] ან არაქრისტიანთან შერეული ქორწინების შესახებ მიღებულია შემდეგი გადაწყვეტილება:

1. მართლმადიდებლის ქორწინება არამართლმადიდებლებთან აკრძალულია კანონიკური აკრიბიით (ტრულის V-VI კრების 72-ე კანონი).

2. ადამიანის ხსნის მიზნით, ყოველი ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდი უნდა მიუდგეს საეკლესიო იკონომიის [საეკლესიო შეწყალების] გამოყენების შესაძლებლობას ქორწინების ხელისშემშლელ გარემოებასთან დაკავშირებით საეკლესიო კანონების პრინციპებითა და სამწყსო განსჯით.

3. მართლმადიდებლის ქორწინება არაქრისტიანთან კატეგორიულად იკრძალება კანონიკური აკრიბიით".

სხვა კონფესიის ქრისტიანებთან ქორწინების შესაძლებლობის აკრძალვის პარალელურად, კრებამ დოკუმენტში ჩაწერა, რომ საეკლესიო იკონომიის გამოყენების საკითხი ადგილობრივი ეკლესიის სინოდებმა უნდა განიხილონ. ამასთან, თუ არაქრისტიანთან ქორწინების აკრძალვისას მოხსენიებულია სიტყვა "კატეგორიულად", ეს სიტყვა არ გვხვდება სხვა კონფესიის ქრისტიანების აკრძალვის ნაწილში.

კომენტარები