არჩევნები 2016

ენმ-ის სამოქმედო გეგმა - გადასახადების ლიბერალიზაცია და ახალი სამუშაო ადგილები

ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ სამოქმედო პროგრამა წარადგინა. მათი საგადასახადო ინიციატივები 2017 წელს 45 ათასი ახალი სამუშაო ადგილის შექმნას ითვალისწინებს. მომდევნო წლებში კი, ენმ-ის განცხადებით, ბიზნესისთვის და მოქალაქეებისათვის დამატებითი სახსრების დატოვების შედეგად, ყოველწლიურად 30,000-მდე დამატებითი სამუშაო ადგილის შეიქმნება.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის განცხადებით, მათი სამოქმედო გეგმა ქვეყანას ღრმა ეკონომიკური, პოლიტიკური და ინსტიტუციური კრიზისიდან გამოიყვანს. სამოქმედო გეგმა საფუძვლად დაედება 2016 წლის საარჩევნო პროგრამას და წარმოადგენს ენმ-ს განაცხადს - თუ რას გააკეთებს საქართველოს ხელისუფლება 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ.

პარტიის ინიციატივით, 2017 წელს საშემოსავლო გადასახადი 15%-მდე შემცირდება, ხოლო მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში 10%-მდე დაიწევს. ასევე 10%-მდე შემცირდება მოგების გადასახადი მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში.

90 000 ლარამდე ბრუნვის ბიზნესი მიკრობიზნესად ჩაითვლება და არ დაიბეგრება (ნაცვლად დღეს არსებული 30 000 ლარისა). ასევე, 200 000 ლარამდე ბრუნვის ბიზნესი მცირე ბიზნესად იქნება განხილული და დაიბეგრება 3-5%-ით (ნაცვლად, დღეს არსებული 100 000 ლარისა).

გარდა ამისა, ენმ-ს ინიციატივით, ნაცვლად დღეს არსებული 100 000 ლარისა, დღგ-ს მხოლოდ 200 000 ლარზე მეტი წლიური ბრუნვის მქონე სუბიექტები გადაიხდიან. 

"საფოსტო გზავნილების მეშვეობით დაუბეგრავად საქონლის შემოტანის ზედა ზღვარი ნაცვლად 300 ლარისა, გახდება 1500 ლარი. ეს ჩამონათვალი გეგმის მხოლოდ ნაწილია და მისი განხორციელების შედეგად მოსახლეობას და მეწარმეებს მეტი ფული დარჩება, ჩინოვნიკებს და ბიუროკრატიას - ნაკლები.2017 წელს ჩვენ სახელმწიფო ბიუროკრატიისა და სხვა არაეფექტურ ხარჯებს შევამცირებთ სულ მცირე ერთი მილიარდი ლარით" - აცხადებს ენმ და აღნიშნავს, რომ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, მოხდება სრული საგადასახადო ამნისტია.

"500 000 ლარამდე გაიზრდება (ნაცვლად დღეს არსებული 50 ათასი ლარისა) ზღვარი, როდესაც გადასახადებისგან თავის არიდებისას დავა არა სისხლის სამართლებრივად, არამედ მხოლოდ ადმინისტრაციული წესით წარიმართება. გაუქმდება ფინანსური პოლიცია. 2017 წლიდანვე ეკონომიკური სახის დანაშაულზე შეიზღუდება წინასწარი პატიმრობის გამოყენება. ამ ინიციატივების შედეგად მიღწეული ეკონომიკური ზრდა პენსიის ზრდისა და სოციალური დაცვის სისტემის გაუმჯობესების წინაპირობაა" - წერია ენმ-ის სამოქმედო გეგმაში და აღნიშნულია, რომ 2016 წლის ნოემბრიდან სახელმწიფო პენსია გაიზრდება 50 ლარით;

"საარსებო შემწეობას აღუდგება ყველა იმ ოჯახს, რომელსაც იგი უსამართლოდ გაუუქმდათ; საარსებო შემწეობის დანიშვნის კრიტერიუმები მკაფიო, მარტივ და სამართლიანი გახდება. გაჭირვებული ადამიანებისთვის გათვალისწინებული ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტი გაითვალისწინებს მედიკამენტის დაფინანსებას. 2017 წელსვე გავზრდით სასკოლო ვაუჩერის ღირებულებას, სულ მცირე 50 %-ით; სასკოლო ვაუჩერის მკვეთრი ზრდა და საჯარო სკოლების ფინანსური ავტონომია სასკოლო სამეურვეო საბჭოებს საშუალებას მისცემს, მნიშვნელოვნად გაზარდონ სახელფასო ბიუჯეტები, რაც შედეგად გაიზრდება საჯარო სკოლებში მომუშავე მასწავლებელთა ხელფასი, მინიმუმ 650 ლარამდე. 5 000 - ით გაიზრდება ყოველწლიური სახელმწიფო საგრანტო პროგრამებით დაფინანსებული სტუდენტების რაოდენობა. აღნიშნული მხოლოდ ნაწილია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის გეგმის და სხვა ნაბიჯებთან ერთად მიზნად ისახავს საქართველოს მოქალაქეების კეთილდღეობის ზრდას და ცხოვრების დონის გაუმჯობესებას" - ნათქვამია ენმ-ს სამოქმედო გეგმაში.

კომენტარები