Brexit

ევროკავშირი მაღალი სიმძლავრის ელექტრომოწყობილობების აკრძალვას აპირებს

SIMON BELCHER/ALAMY

ევროკავშირი უახლოეს თვეებში მაღალი სიმძლავრის ელექტრომოწყობილობების, როგორიცაა ჩაიდანი, ტოსტერი, თმის საშრობი, აკრძალვას აპირებს.

მიუხედავად არაერთი გაფრთხილებისა, რომ აღნიშნული აკრძალვა სასაცილო გახდება, ევროკომისია მცირე ზომის საყოფაცხოვრებო ელექტრომოწყობილობებზე შეზღუდვების შესახებ გეგმის გამომზეურებას შემოდგომაზე გეგმავს. ენერგეტიკულად არაეფექტური მოწყობილობების გაყიდვებიდან ამოღების მიზანი ნახშირბადის გავრცელების შემცირებაა.

როგორც გამოცემა The Telegraph-ი აღნიშნავს, ევროკავშირს აღნიშნული ცვლილება თვეების წინ ჰქონდა მზად, თუმცა, პრეზენტაციისგან Brexit-ის რეფერენდუმის გამო იკავებდა თავს, რადგან ეს ნაბიჯი ჩაისა და ტოსტების მოყვარულ ბრიტანელებში გაღიზიანებას გამოიწვევდა და ევროკავშირიდან გასვლის მომხრეთა რიცხვს გაზრდიდა. გამოცემა ასევე იხსენებს, რომ წლის დასაწყისში შოტლანდიელი ევროპარლამენტარი და გაერთიანებული სამეფოს დამოუკიდებლობის პარტიის წევრი დევიდ კობარნი აღნიშნავდა, რომ ის ტოსტერები, რომლებიც ევროკავშირის სტანდარტებს აკმაყოფილებს, არც ისე კარგად მუშაობს. მისი თქმით, მსგავსი ტიპის ტოსტერით ტოსტის დამზადებას 4 ცდა სჭირდება.

აღსანიშნავია ისიც, რომ მიუხედავად იმისა, რომ ბრიტანელები ევროკავშირის მოსახლეობის 11%-ს შეადგენენ, დიდი ბრიტანეთი ჩაიდნების რეალიზაციით მესამე ადგილზეა ევროკავშირის ქვეყნებს შორის. როგორც გამოცემა წერს, ჩაიდნების მოხმარებით დიდი ბრიტანეთი მთლიანი კონტინენტის საშუალო მაჩვენებელს 6 ნიშნულით უსწრებს, რაც განპირობებულია ჩაის მიმართ ნაციონალური სიყვარულით.

მსგავსი ტიპის შეზღუდვამ ბრიტანელების უკმაყოფილება პირველად 2014 წელს გამოიწვია, როდესაც ევროკავშირმა ტექნიკურად მძლავრ მტვერსასრუტებზე დააწესა შეზღუდვები.

კომენტარები