მამუკა ახვლედიანის გადაყენება

ომბუდსმენი: მამუკა ახვლედიანი თანამდებობიდან უკანონოდ გაათავისუფლეს

უჩა ნანუაშვილი
სახალხო დამცველის აპარატი

საქართველოს სახალხო დამცველის დასკვნით, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მამუკა ახვლედიანი თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის პოსტიდან უკანონოდ გაათავისუფლა.

ომბუდსმენმა საკუთარი ინიციატივით შეისწავლა მამუკა ახვლედიანის თანამდებობიდან გათავისუფლების კანონიერების საკითხი და შესაბამისი დასკვნა იუსტიციის უმაღლეს საბჭოს წარუდგინა.

"საქმის შესწავლის ეტაპზე ომბუდსმენის აპარატი დეტალურად გაეცნო შესაბამის მასალებს; შედეგად გაირკვა, რომ საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ზემოაღნიშული გადაწყვეტილება „საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ" საქართველოს კანონის გვერდის ავლით მიიღო. შესაბამისად, არ გამოიყენეს აღნიშნული კანონით განსაზღვრული დისციპლინური წარმოების პროცედურა, დისციპლინური საქმე არ განუხილავთ და მასზე გადაწყვეტილება არ მიუღიათ სპეციალურად ამ მიზნით შექმნილ ორგანოებს, არ დაიცვეს მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპები, ვერ მოხდა აცილების უფლების რეალიზება და სხვა", - ნათქვამია სახალხო დამცველის დასკვნაში.

ომბუდსმენის განცხადებაში წერია, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს "საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ" საქართველოს კანონის გვერდის ავლით მსგავსი გადაწყვეტილება არასდროს მიუღია.

"საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ" საქართველოს კანონის 55–ე მუხლის მიხედვით, სასამართლოს ან კოლეგიის თავმჯდომარის მოვალეობების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში შესაძლებელია მის მიმართ დისციპლინური ზემოქმედების შესაბამისი ღონისძიების გამოყენება - სასამართლოს თავმჯდომარის ან სასამართლო კოლეგიის თავმჯდომარის თანამდებობიდან გათავისუფლება. აღნიშნული ნორმა საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს საერთოდ ყურადღების მიღმა დარჩა", - წერია ნანუაშვილის განცხადებაში.

სახალხო დამცველის თქმით, იუსტიციის უმაღლეს საბჭოს საერთოდ არ უმსჯელია, თუ რა სახის გადაცდომებს ჰქონდა ადგილი მამუკა ახვლედიანის, როგორც თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის თავმჯდომარის, მხრიდან.

ომბუდსმენი გამოთქვამს იმედს, რომ ასეთი შემთხვევა მომავალში არ მოხდება.

კომენტარები