აჰმედ ჩატაევის საქმე

კახიძე ჩატაევზე: პასუხისმგებლობა მაშინდელ გენ. პროკურორ თეა წულუკიანს ეკისრება

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრის ოთარ კახიძის თქმით, აჰმედ ჩატაევის გათავისუფლებაზე პასუხისმგებლობა მაშინდელ გენერალურ პროკურორს, იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანს ეკისრება.

"საქართველოს იუსტიციის მინისტრმა გუშინ გააკეთა განცხადება, რომლითაც, პრაქტიკულად, აღიარა, რომ ქართული ოცნების ხელისუფლებამ შეცდომა დაუშვა, როდესაც ტერორიზმში ეჭვმიტანილი აჰმედ ჩატაევი გაათავისუფლა. მინდა, საზოგადოებას ვუთხრა, რომ 2013 წლის 30 მაისის მდგომარეობით, საქართველოს პროკურატურას იუსტიციის მინისტრი ხელმძღვანელობდა. შესაბამისად, მას ჰქონდა უფლებამოსილება, გაეუქმებინა და შეეცვალა ქვემდგომი პროკურორის ის გადაწყვეტილები, რომელსაც არ ეთანხმებოდა",- ამბობს კახიძე.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი აღნიშნავს, რომ აჰმედ ჩატაევი "ვითომდა, მტკიცებულებების არარსებობის გამო", საქართველოს პროკურატურის შუამდგომლობით გაათავისუფლეს. ამის შემდეგ, მის მიმართ სისხლის სამართლის დევნა შეწყდა. კახიძის თქმით, ამაზე პირდაპირი პასუხისმგებლობა საქართველოს პროკურატურის მაშინდელ პირველ პირს, იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანს ეკისრება.

"საზოგადოებამ აუცილებლად უნდა იცოდეს, რომ აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე უშუალო პასუხისმგებლობა არა რომელიმე რიგით პროკურორს, არა მთავარ პროკურორს, არამედ საქართველოს მაშინდელ გენერალურ პროკურორს - იუსტიციის მინისტრს თეა წულუკიანს ეკისრება", - თქვა კახიძემ.

გუშინ წულუკიანმა განაცხადა, რომ "ჯერ კიდევ მაშინ მე, როგორც საქართველოს იუსტიციის მინისტრი, წინააღმდეგი ვიყავი აჰმედ ჩატაევის ციხიდან გამოშვების და ვემხრობოდი იმას, რომ ასეთი პატიმრების გათავისუფლებისას, პროკურატურას უფრო მეტი ყურადღება გამოეჩინა. იმ დროს პროკურატურა ახალი გათავისუფლებული იყო ადეიშვილის პოლიტიკისა და წნეხისგან და ბატონი არჩილ კბილაშვილის მმართველობის ქვეშაა ეს მომხდარი. ასეა თუ ისე, ესაა წარსული“.

ცნობისთვის, REUTERS თურქულ სამთავრობო გაზეთ Yeni Safak-ზე დაყრდნობით წერს, რომ სტამბოლის ათათურქის აეროპორტზე განხორციელებული თავდასხმის ორგანიზებაში ერთ-ერთი ეჭვმიტანილი რუსეთის მოქალაქე აჰმედ ჩატაევია. რუსეთის მოქალაქე ჩეჩნეთიდან, აჰმედ ჩატაევი, საქართველოს ხელისუფლებამ 2012 წელს იარაღის უკანანო შეძენა-შენახვის ბრალდებით ე.წ. ლაფანყურის სპეცოპერაციის დროს დააკავა. 

კომენტარები