ავსტრია

სასამართლომ ავსტრიის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგი გაანულა

BBC

ავსტრიის უზენაესმა სასამართლომ საპრეზიდენტო არჩევნების შედეგი გაანულა. სასამართლოს დასკვნით, საფოსტო ხმები არასათანადოდ იყო დათვლილი. საჩივარი "თავისუფლების პარტიის" ლიდერმა ჰაინ-კრისტიან შტრახემ შეიტანა. ამ პარტიის კანდიდატი, ულტრამემარჯვენე ნორბერტ ჰოფერი 22 მაისს ჩატარებული არჩევნების მეორე ტურში, დამოუკიდებელ კანდიდატ ალექსანდრ ვან დერ ბელენს, მხოლოდ 31 000 ხმით, ანუ 0.6 %-ით ჩამორჩა.

"თავისუფლების პარტიის" ადვოკატების მტკიცებით, საფოსტო ხმების დათვლის პროცესი 117-დან 94 საარჩევნო ოლქში დაირღვა. მათი თქმით, ხმის მიცემის საშუალება არალეგალურად ზოგ უცხოელსა და 16 წლამდე მოქალაქესაც მიეცათ, ხოლო ხმების დათვლაში არაუფლებამოსილი პირებიც მონაწილეობდნენ.

სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად, ავსტრიაში საპრეზიდენტო არჩევნები ხელახლა, სექტემბერში ან ოქტომბერში ჩატარდება.

როგორც ცნობილია, 72 წლის ვან დერ ბელენი, რომელიც არჩევნებში დამოუკიდებელი კანდიდატის სტატუსით მონაწილეობდა და წლების განმავლობაში ავსტრიის "მწვანეთა პარტიის" ლიდერი იყო, ევროინტეგრაციის მომხრეა. მისი მეტოქე ნორბერტ ჰოფერი კი, ანტიევროკავშირული განწყობებითა და ანტიიმიგრაციული პოლიტიკით გამოირჩევა.

კომენტარები