ოკუპირებული აფხაზეთი

სომხური ორგანიზაცია კრუნკი აფხაზეთში ნაციონალურ-კულტურულ ავტონომიას ითხოვს

სოხუმი

სომხური საზოგადოებრივი ორგანიზაცია კრუნკი ოკუპირებულ აფხაზეთში სომხური ნაციონალურ-კულტურული ავტონომიის შექმნას ითხოვს. ავტონომიის საჭიროებას კრუნკი იმით ხსნის, რომ "მრავალ ტანჯვა გამოვლილი და შრომისმოყვარე სომხური მოსახლეობა ისევ განიცდის თავდასხმებს აფხაზეთის ხელისუფლების მხრიდან."

მათი თქმით, აფხაზეთის მარიონეტული ხელისუფლება სომხებს არა მარტო არ აძლევს "ნაციონალურ-კულტურული განვითარების საშუალებას," არამედ "განზრახ ცდილობს ქვეყანაში სომეხი მოსახლეობის რაოდენობის შემცირებას," უზღუდავს უფლებას "ააშენონ ეკლესიები, გახსნან სომხური სკოლები, თეატრები და სხვა კულტურული ცენტრები".

კრუნკი უკმაყოფილოა იმით, რომ სომხებს სათანადოდ არ დაუფასდათ "ქართული ფაშიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში აქტიური მონაწილეობა" და "აფხაზეთის დამოუკიდებლობისთვის გმირულად ბრძოლა." ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ "სომხები იმისათვის არ იბრძოდნენ აფხაზეთის დამოუკიდებლობისათვის, რომ დღეს მათი უფლებები ისევ შელახული იყოს."

კრუნკი აღნიშნავს, რომ "მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პატარა ქვეყნის", მრავალეროვნული აფხაზეთის, "სახელმწიფოდ ჩამოყალიბებაში სომხებმა დიდი როლი ითამაშეს". არც მეტი არც ნაკლები, "აფხაზეთის სომხები ძმურ აფხაზ ხალხთან ერთად იბრძოდა ბიზანტიის იმპერიის, არაბებისა და თურქეთის ბატონობის წინააღმდეგ. აფხაზებთან ერთად ჩვენ შევძელით აფხაზეთის ტერიტორიები სურამის ქედამდე გაგვეფართოებინა."

კრუნკი თვლის, რომ აფხაზეთში სომხური ნაციონალურ-კულტურული ავტონომიის შექმნა აუცილებელია აფხაზეთში მცხოვრები სომხების ეთნოკულტურული მოთხოვნილებისათვის და ეს ასევე გააძლიერებს, აფხაზეთში ინტერ-ეთნიკურ სტაბილურობას. გარდა ამისა, კრუნკი ითხოვს, საგარეო და შიდა ვაჭრობის საკითხებში ავტონომიური გადაწყვეტილების მიღების, საგარეო-პოლიტიკური და სხვა შეთანხმებების დადების უფლებასაც.

ორგანიზაცია იმასაც აღნიშნავს, რომ სომხები აფხაზეთში ეროვნულ უმცირესობას არ წარმოადგენენ და ამის მაგალითად გულრიფშის, ოჩამჩირისა და ტყვარჩელის რაიონების ასახელებენ. "ამ რაიონებიდან ქართული მოსახლეობის განდევნის შემდეგ სომხური მოსახლეობა აბსოლუტურ უმრავლესობას წარმოადგენს", - აღნიშნავს კრუნკი.

აფხაზეთის სომხური ავტონომიის შექმნის ინიციატივის ლობირებას კრუნკი "აფხაზეთის სახალხო კრების" სომეხი ეროვნების "დეპუტატების" ლევონ გალუსტიანისა და რობერტ აილიანის მეშვეობიტ გეგმავს. მათ დოკუმენტი პარლამენტში განსახილველად უნდა წარადგინონ.

თავის მხრივ გალუსტიანმა და აილიანმა კრუნკის ინიციატივა "ენგურის მარცხენა ნაპირიდან მომავალ პროვოკაციად" და "ეროვნული კარტის გამოყენებით სხვა და სხვა ეთნიკური ჯგუფებს შორის კონფლიქტის გამოწვევის მორიგ მცდებლობად" გამოაცხადეს.

"დიდმა ვლადისლავმა (იგულისხმება არძინბა) ერთად ყოფნა გვიანდერძა. ერთიანად გავიმარჯვებთ" - განაცხადეს სომეხმა "დეპუტატებმა". მათივე თქმით, "აფხაზებისა და სომხების ძმურ ურთიერთობებში განხეთქილების შეტანის მცდებლობა მარცხისთვისაა განწირული... კრუნკი და საქართველო შეუთავსებელი ცნებებია, ვინაიდან ამ ორგანიზაციის წევრები აფხაზეთის გმირ ალბერტ ტოპოლიანის მეთაურობით თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის პირველ რიგებში იყვნენ ძმებ აფხაზებთან ერთად. აფხაზეთის სომხურ ოჯახებში თაობიდან თაობას გადაეცემა თქმულებები იმ სითბოს შესახებ, რომლითაც ამ მიწის მკვიდრი მოსახლეები თურქეთში სომეხთა გენოციდის მსხვერპლს ხვდებოდნენ. ასეთის დავიწყება შეუძლებელია."

კომენტარები