რძის კონსისტენცია

BBC: ადამიანის რძე შემადგენლობით ყველაზე მეტად ზებრისას ჰგავს

animalhdwalls.com

ამერიკელმა მეცნიერებმა ადამიანისა და ძუძუმწოვრების რძის კონსისტენცია ერთმანეთს შეადარეს და აღმოჩნდა, რომ შემადგენლობით ადამიანის რძე ყველაზე მეტად ზებრის რძეს ჰგავს, რომელიც 2.2 % ცხიმს, 1.6 % პროტეინს, 7 % ლაქტოზასა და 89 % წყალს შეიცავს. ამის შესახებ სტატიას BBC აქვეყნებს.

ადამიანის რძე კი 4 % ცხიმს, 1.3 % პროტეინს, 7.2 % ლაქტოზასა და დაახლოებით 90% წყალს შეიცავს.

სხვა ძუძუმწოვრებთან შედარებით, როგორც ადამიანის, ასავე ზებრის რძე, ნაკლები ენერგიის წყაროს შემცველია. მეტიც, ადამიანისა და ზებრის რძისგან ენერგიის პროდუცირება უფრო მეტად ლაქტოზიდან ხდება, ვიდრე ცხიმიდან. ამის მიზეზი ადამიანებში ჩვილის განვითარების საკმაოდ ხანგრძლივი პროცესია, ზებრების შემთხვევაში კი წყლის მაღალ შემცველობას მშრალი საცხოვრებელი გარემო განაპირობებს.

გარდა ამისა, აღმოჩნდა, რომ ყველაზე მეტ ცხიმს სელაპის რძე შეიცავს (61%), შავი მარტორქის რძე კი ყველაზე ნაკლებ 0.2 %-ს. ზოგადად, როგორც ცნობილია, მეტ ცხიმსა და პროტეინს იმ ძუძუმწოვრების რძე შეიცავს, რომლებიც ხორცით იკვებებიან.

აღსანიშნავია, რომ პირველი ცხოველი, რომელმაც რძე გამოიმუშავა, კვერცხის მდები პროტო-ძუძუმწოვარი სინაფსიდი იყო, რომელიც დედამიწაზე 160 მილიონი წლის წინ ცხოვრობდა.

კომენტარები