იგორ გიორგაძე

პროკურატურა: გავატარებთ ყველა ზომას, რომ ინტერპოლმა გიორგაძის ძებნა განაახლოს

მთავარი პროკურატურის განცხადებით, მიმართავს ყველა საშუალებას, რათა საქართველოს უშიშროების ყოფილი მინისტრის იგორ გიორგაძის მიმართ საერთაშორისო ძებნა აღდგეს. უწყების განმარტებით, ინტერპოლმა გიორგაძის ძებნა ლტოლვილის სტატუსის გამო შეწყვიტა. იგორ გიორგაძეზე საერთაშორისო ძებნა საქართველოს გენერალური პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, 1995 წლის 20 ნოემბერს გამოცხადდა. მას ბრალად ედებოდა 1995 წლის 29 აგვისტოს საქართველოს იმჟამინდელ პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძეზე ტერორისტული თავდასხმის ორგანიზება.

"2016 წლის 30 მაისს საქართველოში ინტერპოლის ეროვნულ ცენტრალურ ბიუროს ინტერპოლის გენერალურმა სამდივნომ მიაწოდა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, იმის გამო, რომ ი. გიორგაძეს მინიჭებული ჰქონდა ლტოლვილის სტატუსი, მის მიმართ შეწყდა წითელი ცირკულარით საერთაშორისო ძებნა. გადაწყვეტილების მიღებისას, ინტერპოლის გენერალური სამდივნო დაეყრდნო 2015 წლის 18 თებერვალს ინტერპოლის აღმასრულებელი კომიტეტის მიერ დამტკიცებულ ინსტრუქციებს, რომელთა საფუძველზეც პირი, რომელიც სარგებლობს ლტოლვილის სტატუსით, მის მიმართ წითელი ცირკულარით საერთაშორისო ძებნა შეწყვეტას ექვემდებარება.

აღსანიშნავია ის გარემოება, რომ მსგავსად წინა შემთხვევებისა, ინტერპოლის გენერალურმა სამდივნომ ზემოთ მითითებული საკითხი განიხილა და შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღო ქართულ მხარესთან ყოველგვარი კომუნიკაციის გარეშე. კერძოდ, იგორ გიორგაძის მიმართ ძებნის შეწყვეტის საკითხის განხილვისას ინტერპოლის გენერალურ სამდივნოს არ გამოუთხოვია და საქართველოს შესაბამის სტრუქტურებს არ მისცემიათ შესაძლებლობა ინტერპოლისთვის წარედგინათ შესაბამისი მტკიცებულებები და მასალები, რაც იგორ გიორგაძის მიმართ საერთაშორისო ძებნის გაგრძელების მიზანშეწონილობას დაასაბუთებდა. შედეგად, პირის მიმართ, რომელიც 1995 წლიდან იძებნებოდა, შეწყდა ინტერპოლის არხებით საერთაშორისო ძებნა.

ზემოაღნიშნული გარემოების მიუხედავად, საქართველოს პროკურატურა მისი კომპეტენციის ფარგლებში გაატარებს ყველა ზომას და მიმართავს ყველა საშუალებას, რათა იგორ გიორგაძის მიმართ აღდგეს წითელი ცირკულარით საერთაშორისო ძებნა" - აცხადებს უწყება.

თავად უშიშროების ყოფილმა მინისტრმა იგორ გიორგაძემ ტელეკომპანია იბერიასთან სატელეფონო საუბრისას თქვა, რომ საქართველოში დაბრუნებას აპირებს და ამისთვის, სასამართლოს დადგენილებას ელოდება.

"ინიცირება გავუკეთეთ, რომ სასამართლომ განიხილოს, რამდენად შეესაბამება ჩემი, თითქმის 21 წელი პოლიტიკურად დევნა იმ სიტუაციას, რაც ჩემს გარშემო არსებობს", - აღნიშნა იგორ გიორგაძემ.

კომენტარები