ზეწოლა ინსტიტუციებზე

უსუფაშვილი მზადაა, პრეზიდენტს შეხვდეს

facebook.com/DavidUsupashviliOfficial

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, დავით უსუფაშვილი, ამერიკის შეერთებული შტატებიდან დაბრუნებისთანავე მზად იქნება საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით გამართულ შეხვედრაში მონაწილეობისთვის - შესაბამის განცხადებას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

განცხადების თანახმად, "არჩევნების სამართლიანობის და თავისუფლების მაღალი სტანდარტების უზრუნველსაყოფად, პარლამენტის თავმჯდომარე მიზანშეწონილად თვლის გარკვეული პერიოდულობით სამუშაო შეხვედრების გამართვას ხელისუფლების ყველა შტოს ხელმძღვანელი პირების - პრეზიდენტი, პრემიერმინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე - მონაწილეობით".

"აღნიშნული რეგულარული სამუშაო ფორმატით საშუალებას მოგვცემს, დროული და ეფექტური რეაგირება მოვახდინოთ ინსტიტუტების გამართული ფუნქციონირებისთვის საჭირო ყველა საკითხზე, თავიდან ავიცილოთ თემების ზედმეტი პოლიტიზირება და გავზარდოთ საზოგადოების ნდობა საარჩევნო პროცესისადმი", - ნათქვამია უსუფაშვილის განცხადებაში.

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პრემიერმინისტრთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრის სურვილი დღეს გამოთქვა, რათა, მისი თქმით, ქვეყანაში არსებულ "საშიშ ტენდენციებს" სწრაფი, ადეკვატური და აზრიანი პასუხი გაეცეს. პრეზიდენტი ბრიფინგამდე საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილს შეხვდა, სადაც პაპუაშვილი მას მოსამართლეებზე ზეწოლის ფაქტებზე დეტალურად ესაუბრა. ამასთან, ბრიფინგზე გიორგი მარგველაშვილმა გააკეთა განცხადება მის ოჯახის წევრზე, სამართალდამცველების ჩართვით, ზეწოლის მცდელობაზე.

კომენტარები