ზეწოლა ინსტიტუციებზე

პაპუაშვილი: შეხვედრას აზრი არ აქვს, პროკურატურამ ყველა საჩივარი უპასუხოდ დატოვა

constcourt.ge

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გიორგი პაპუაშვილი მთავარი პროკურორის შეთავაზებას პასუხობს, სადაც ირაკლი შოთაძე მასთან შეხვედრის მზადყოფნას გამოთქვამს. პაპუაშვილის თქმით, ის თანამშრომლობის აზრს ვერ ხედავს, რადგან, მისი თქმით, საგამოძიებო უწყებამ სასამართლოს არაერთი განცხადება თუ საჩივარი უპასუხოდ დატოვა.

"ბათუმი აღარ არის დაინტერესებული? მთავარ პროკურატურას ზეწოლის ფაქტებზე 2-ჯერ მივმართეთ, არცერთზე რეაგირება, წერილიც კი არ გამოუგზავნიათ - ასეთ იგნორირებას ჩხოროწყუს გამგეობა [უკაცრავად, ჩხოროწყუს რას ვერჩი] არ გააკეთებს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს პასუხი არ აღირსოს. შემდეგ 2-ჯერ ტელევიზიით განვაცხადე, მათ შორის იუსტიციის მინისტრზე. ერთხელ ვაჭრობასთან დაკავშირებით, როცა ვენეციის კომისიაზე მევაჭრებოდა, რომ ლმობიერი ვყოფილიყავი ხელისუფლებასთან მიმართებაში. მეორე კი კადრებთან დაკავშირებით - არცერთზე გამოძება არ ყოფილა. პირიქით, ამ ფაქტების შემდეგ გაძლიერდა ზეწოლა. ჩემზე ნაკლებად, გადავიდნენ უკვე ჩვეულებრივ მოსამართლეებზე იმიტომ, რომ მიხვდნენ, ალბათ, ვერ გამტეხდნენ.

ჯერჯერობით შეხვედრის აზრს ვერ ვხედავ, მგლის ხახაში როდესაც წერილებს გზავნი და იქიდან პირიქით გიგზავნიან რაღაცებს, არ შეიძლება შეხვედრა. თუ კი შევთანხმდებით პოლიტიკურ ხელმძღვანელობასთან, რომ არის ნდობა, მისვლას აზრი აქვს, უკურეაქცია არ ექნება და მოსამართლეებიც დარწმუნდებიან, მაშინ შოთაძეს კი არა, ნებისმიერს შევხვდები, ბათუმის უკანასკნელ პროკურორს შევხვდები, არავისთან პრობლემა არ მაქვს," - თქვა პაპუაშვილმა.

კომენტარები