ფსიქოტროპული მედიკამენტები

კვლევა: საქართველოში ყოველ მეათეს ფსიქოტროპული წამალი ექიმის გარეშე მიუღია

დამოკიდებულების კვლევითმა ცენტრმა "ალტერნატივა ჯორჯიამ", დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრთან თანამშრომლობით, 2015 წელს ალკოჰოლისა და სხვა ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარების შესახებ კვლევა ჩაატარა, რომლის მიხედვითაც დადგინდა, რომ საქართველოში დაახლოებით ყოველ მეათე ზრდასრულ ადამიანს ექიმის დანიშნულების გარეშე ერთხელ მაინც მიუღია ფსიქოტროპული მედიკამენტები. კვლევის მიხედვით, გამოკითხული 400 რესპონდენტიდან, რომელთაც ფსიქოტროპული მედიკამენტები ექიმის დანიშნულების გარეშე ჰქონდათ მიღებული, დაახლოებით ნახევარმა პრეპარატი აფთიაქში შეიძინა, ზოგმაც ინტერნეტით.

კვლევის მიხედვით, ფსიქოტროპული მედიკამენტების ამჟამინდელი მოხმარების მაჩვენებელი საკმაოდ მაღალია გურიისა და შიდა ქართლის რეგიონში, როგორც მამაკაცებში, ისე ქალებში, - რესპონდენტთა თითქმის ნახევარმა თქვა, რომ ფსიქოტროპული სამედიცინო პრეპარატების ამჟამინდელი მომხმარებელია.

კვლევის თანახმად, ფსიქოტროპული მედიკამენტების მოხმარების საშუალო ასაკი ქალაქებში მამაკაცებს შორის იყო 22 წელი, ქალებს შორის - 38. თითქმის თანაბარი მაჩვენებლებია სოფლად - მამაკაცებს შორის 24 წელი, ქალებს შორის 25.

კვლევა 2015 წლის 8-28 დეკემბრის პერიოდში ჩატარდა. პირისპირი ინტერვიუების გზით გამოიკითხა 18-64 ასაკობრივ ჯგუფში მყოფი 4 805 საქართველოს მოქალაქე (მათ შორის, 55.7% ქალია). შერჩევისას გამოირიცხა მოსახლეობის ინსტიტუციებში მყოფი ნაწილი (მაგ. საპატიმრო დაწესებულებები). კვლევა დააფინანსა ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტომ (USAID) და ჩეხეთის განვითარების სააგენტომ (CzDA).

კომენტარები