თავდაცვის სამინისტრო

თავდაცვის სამინისტროს თანამშრომელი: უწყებაში ნეპოტიზმია, ყალბდება კონკურსები

ბექა ქირია
PIA

თავდაცვის სამინისტროს თანამშრომელი, პოლიტიკის სამმართველოს მთავარი სპეციალისტი ბექა ქირია უწყებაში თინა ხიდაშელის მინისტრობისას შექმნილ მძიმე მდგომარეობაზე საუბრობს, რაც, მისი მტკიცებით, ნეპოტიზმში, კონკურსებისა და ვაკანსიების გაყალბებაში გამოიხატება. ის ასევე ხელმძღვანელობას მის წინააღმდეგ დევნაში ადანაშაულებს.

ბექა ქირიას მტკიცებით, უწყებაში თანამშრომლების უკანონო დანიშვნის რამდენიმე სქემაა. პირველი სქემის მიხედვით, კონკურსები ყალბდება და ის ადამიანები, რომლებიც წინასწარ არიან შერჩეული და აუცილებელ მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებენ, "ჯადოსნური გასაუბრებით" თანამდებობებზე ინიშნებიან. საჯარო სამსახურის საიტზე კი ძველი საკვალიფიკაციო მოთხოვნებია, რომელთა დაუკმაყოფილებლობის საფუძველზეც ახალ კადრებს უარს ეუბნებიან.

რაც შეეხება მეორე სქემას, ათობით თანამშრომელს ნიშნავენ მოვალეობის შემსრულებლებად და შემდეგ, პირველი სქემის მიხედვით, თანამდებობებზე ანაწილებენ. ასევე "ქმნიდნენ ბიოგრაფიებს". მაგალითად, თუ ვინმეს კონკრეტული პოზიციისთვის აუცილებელი მენეჯერული ერთწლიანი გამოცდილება სჭირდება, მას მოვალეობის შემსრულებლად ერთი წლის ნაცვლად 3 თვე ამუშავებენ და შემდეგ ნიშნავენ. "ხდებოდაერთი და იმავე ადამიანის გადანიშვნა, რაც ჩვეულებრივი თანამდებობრივი კარუსელი იყო".

როგორც ქირია ამბობს, თინა ხიდაშელის ხელმძღვანელობის პერიოდში არცერთი ღია, საჯარო, გამჭვირვალე და დასავლური ტიპის კონკურსი არ ჩატარებულა. მისი თქმით, ხელმძღვანელობის მხრიდან "ყალბი, ცრუ დოკუმენტები შექმნეს, საქმე შეთითხნეს და გენინსპექციაში საქმე აღძრეს". როგორც ბექა ქირია ყვება, ამასთან დაკავშირებით სასამართლოში საჩივარი შეიტანა და ყველა ბრალდება მოეხსნა. "დღეს მედავებიან ზოგადზნეობრივი მორალის წინააღმდეგ დანაშაულს, რაც არ არსებობს. ამის გამო სასამართლოში, უბრალოდ, გაფრთხილება მომცეს. ამის შემდეგ, ბესიკ ლოლაძე[თინა ხიდაშელის მოადგილე], გიორგი შაიშმელაშვილი მიბარებდნენ და მეუბნებოდნენ, რომ მედიისთვის ამაზე ინფორმაცია არ მიმეწოდებინა და დავრჩებოდი სამსახურში".

ქირიასვე აზრით, თავდაცვის სამინისტროში საგანგაშო ტენდენციაა და აუცილებელია, პრობლემების წრაფი და დაუყოვნებლივი გადაწყვეტა. მისივე თქმით, უწყებაში თანამშრომლები კვალიფიკაციით შეუსაბამო პოსტებზე მუშაობენ.

კომენტარები