საკონსტიტუციო სასამართლო

უმრავლესობის დეპუტატები: ენმ საკონსტიტუციო რევოლუციას ცდილობდა

ტაბულა

ქართული ოცნება ნაციონალურ მოძრაობას საკონსტიტუციო რევოლუციის მოწყობის მცდელობაში ადანაშაულებს. საგანგებო ბრიფინგი გიორგი ვოლსკიმ და ეკა ბესელიამ გამართეს. დეპუტატები საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესების უკან საპარლამენტო უმცირესობის ინტერესებს ხედავენ.

"ანალიზით შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ადგილი ჰქონდა ნაციონალური მოძრაობის მხრიდან, საკონსტიტუციო სასამართლოში რევოლუციის გეგმას. საკონსტიტუციო სასამართლოს ხუთმა წევრმა დაადასტურა, რომ საქმეთა განხილვის დროს ადგილი ჰქონდა კანონდარღვევებს - კერძოდ, სარჩელების შეცვლას, მათ შორის იმ სარჩელების, რომელიც შეტანილი იყო გახმაურებულ საქმეებზე. რატომ იცვლებოდა სარჩელები? რა მიზანი ჰქონდა სარჩელების შეცვლას? იყო კონკრეტული მიზანი, კერძოდ, როგორც ჩანს, წინასწარი შეთანხმება არსებობდა სარჩელის შემომტან მხარესა და საკონსტიტუციო სასამართლოს ცალკეულ მოსამართლეს, თუ ცალკეულ მოსამართლეებს შორის, რომ შეცვლილი დამატებული სარჩელის მოთხოვნით მომხდარიყო სწორედ იმ ნორმების გაუქმება, რომელიც მიზნად ისახავს კონკრეტულ პოლიტიკური ჯგუფისთვის სასურველი შედეგის დადგომას. სწორედ ამიტომაც იკვეთება, როგორც ჩანს, ძალიან მნიშვნელოვან საქმეებზე სარჩელების შეცვლა. ერთ შემთხვევაში არის 10 გვერდით შეცვლილი სარჩელი და იგივე ნომრით დარეგისტრირებული, ეს არის რუსთავი 2-ის საქმე, ე.წ. კაბელების საქმე, რომელზეც მოსამართლე ტურავამ ისაუბრა. ეს არის დანაშაულებრივი ფაქტები, რომელსაც გამოძიება სჭირდება. კონკრეტულად, იკვეთება ამ კოლეგიის ორი მოსამართლის პირდაპირი კავშირი ნაციონალურ მოძრაობასთან და ძალიან ახლო კავშირი სწორედ, მათ შორის, ბატონ გვარამიასთან. ეს არის კონსტიტუციური წესრიგის დარღვევა და საკონსტიტუციო სასამართლოს გზით საკონსტიტუციო ე.წ. რევოლუცია. ეს გეგმა მათ არ გამოუვიდათ და არ გამოუვათ იმიტომ, რომ კონკრეტულმა მოსამართლეებმა თავი დააღწიეს იმ გავლენას და ზეწოლას, რომელშიც ისინი წლების განმავლობაში იმყოფებოდნენ", - განაცხადა ეკა ბესელიამ.

სპეციალურ ბრიფინგზე განცხადება გააკეთა ფრაქცია ქართული ოცნების ლიდერმა გია ვოლსკიმაც. მისი მტკიცებითაც, "შემოსულ სარჩელზე წინასწარ არის გავლილი კონსულტაციები პირველ კოლეგიაში და შემდეგ არის დამატებული და შესწორებული შინაარსობრივად". დეპუტატის თქმით, იკვეთება მოსამართლეების თანამშრომლობა სარჩელის შემომტან პოლიტიკურ ფიგურებთან.

"ანუ საქმიანი ურთიერთობაა და კონსპირაციული, ამავე დროს. ქვეყნის სტაბილურობა შენარჩუნებული იქნება, რასაკვირველია, არაფერი არ მოხდება. რა გეგმებიც აქვს ნაციონალურ მოძრაობას, ვერ განხორციელდება, მაგრამ საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რასთან გვაქვს საქმე. შეთქმულება საქართველოს წინააღმდეგ, საკონსტიტუციო რევოლუცია - უამრავი რამ შეიძლება ეწოდოს, მაგრამ შინაარსი უნდა მივაწოდოთ საზოგადოებას, თუ რაშია საქმე" - ამბობს ვოლსკი.

აღსანიშნავია, რომ უმრავლესობის დეპუტატები საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის მერაბ ტურავას რამდენიმე დღის წინ გაკეთებულ განცხადებაზე საუბრობენ. ტურავას მტკიცებით, ბოლო პერიოდის მანძილზე, საკონსტიტუციო სასამართლოში ადგილი შეტანილი სარჩელები შეიცვალა.

"იყო შემთხვევა, როდესაც მხარემ შემოიტანა საკონსტიტუციო სარჩელი პარასკევს, ეს სარჩელი არ აკმაყოფილებდა წაყენებულ მოთხოვნებს, მაგრამ კვირის ბოლოს ეს სარჩელი შეიცვალა. შესაბამისად, ჩემთვის მნიშვნელოვანია, რა პროცედურით, რა წესებით, რომელი პრაქტიკით მოხდა შემოტანილი სარჩელის შეცვლა ახალი სარჩელით. ჩემი წარმოდგენით ეს არის სამართალდარღვევა", - ამბობს ტურავა.

კომენტარები