საკონსტიტუციო სასამართლო

თალაკვაძე: საკონსტიტუციო რევოლუციის სცენარი არ არის საფუძველს მოკლებული

ტაბულა

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის და ოზურგეთში ქართული ოცნების მაჟორიტარი კანდიდატის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, "განცდა, რომ შესაძლოა, მზადდებოდა საკონსტიტუციო რევოლუციის სცენარი, არ არის საფუძველს მოკლებული". თალაკვაძემ პირველი არხის გადაცემა მთავარში აღნიშნა, რომ "ხელისუფლება მზად არის რისკებისთვის". ამასთან, შს მინისტრის მოადგილე ეჭვობს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ გიორგი პაპუაშვილმა ზეწოლაზე განცხადებები იმიტომ გააკეთა, რომ სასამართლოს მიმართ გაჩენილი კითხვებიდან "ყურადღება გადაეტანა" 

"შემაშფოთებელია სარჩელის შეცვლის სავარუდო შემთხვევა, აღმოჩნდა, რომ ე.წ კაბელებთან დაკავშირებულ საქმეზე ერთი თარიღით შევიდა სარჩელი, ხოლო შემდგომში მოსამართლებს დაეწერათ სხვა დოკუმენტი, რომელიც გაზრდილ მოთხოვნებს შეიცავდა. ეს აჩენს კითხვას - ხომ არ იყო წინასწარ გადაწყვეტილი ამ საქმის ბედი. ხომ არ ელოდებოდა ვინმე საკონსტიტუციო სასამართლოში ამ სარჩელს უკვე მზა გადაწყვეტილებით ან სცენარით" - ამბობს თალაკვაძე და აღნიშნავს, რომ ასევე კითხვებია ვადებთან დაკავშირებით. მისი თქმით, ე.წ პოლიტიკური ნიშნის მატარებელი საქმეების განხილვის ვადები შემცირებულია სამ თვემდე, ხოლო რუსთავი ორის საქმე "პლენუმზე გადაცემიდან მეორე დღესვე განიხილეს". შს მინისტრის თქმით, ასევე შეკითხვები არსებობს საქმეების გადანაწილებასთან დაკავშირებით. არჩილ თალაკვაძე აღნიშნავს, რომ "მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე სარჩელებს" განსახილველად აძლევენ პირველი კოლეგიის სამ მოსამართლეს და არც ერთი არ მოხვედრილა მეოთხე მოსამართლე მერაბ ტურავასთან.

"მე პირადად, ეჭვი მიჩნდება, გიორგი პაპუაშვილმა სავარაუდო ზეწოლაზე განცხადებები ხომ არ გააკეთა ყურადღების გადასატანად ამ გარემოებებიდან. საკონსტიტუციო სასამართლო ჩემთვის არის ძალიან ავტორიტეტული ინსტიტუტი, სახელმწიფოს ერთ-ერთი საყრდენი ინსტიტუტი. ამ შემთხვევაში ჩვენ საკონსტიტუციო სასამართლო როგორც ინსტიტუტი, არ უნდა განვიხილოთ კრიტიკულ კონტექსტში, მაგრამ უნდა განვიხილოთ კრიტიკულ კონტექსტში ის გარემოებები, რომლებიც კონკრეტული ადამიანის საქმიანობას და მოქმედებას შესაძლოა, უკავშირდებოდეს" - ამბობს თალაკვაძე და აღნიშნავს, რომ გამოკითხული მოსამართლეები ზეწოლის ფაქტებს უარყოფენ. 

"ის, რომ გაჩნდა განცდა, რომ შესაძლოა მზადდებოდა საკონსტიტუციო რევოლუციის სცენარი, ეს არ არის საფუძველს მოკლებული იმ რეალობიდან გამომდინარე, რაზეც გესაუბრებოდით. ფაქტია, რომ თუნდაც სარჩელის შეცვლა, ვადებთან დაკავშირებული საკითხი, სარჩელების გადანაწილება არის ურთიერთკავშირში. ამიტომ, საზოგადოებას სამართლიანად გაუჩნდა ეს განცდა" - თქვა შს მინისტრის მოადგილემ.

გადაცემის წამყვანის თამარ ჩიქოვანის კითხვაზე, ხომ არ არსებობს რაიმე არეულობის გეგმა, არჩილ თალაკვაძე პასუხობს, რომ "ხელისუფლება მზად არის ამ რისკებისთვის, შეფასებულია. ხელისუფლება იმისთვის არის ხელისუფლება, რომ არავითარი დესტაბილიზაცია არ დაუშვას, განსაკუთრებით ამ არჩევნების წინ, არჩევნების დღეს ან შემდეგ. ეს არის ჩვენთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი არჩევნები, რადგან ამ არჩევნების მეორე დღეს ქვეყანა იღვიძებს სხვა რეალობაში".

ქართული ოცნების დეპუტატებმა ნაციონალური მოძრაობა საკონსტიტუციო რევოლუციის მოწყობის მცდელობაში დღევანდელ ბრიფინგზე დაადანაშაულეს. გიორგი ვოლსკი და ეკა ბესელია საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესების უკან საპარლამენტო უმცირესობის ინტერესებს ხედავენ.

"საკონსტიტუციო სასამართლოს ხუთმა წევრმა დაადასტურა, რომ საქმეთა განხილვის დროს ადგილი ჰქონდა კანონდარღვევებს - კერძოდ, სარჩელების შეცვლას, მათ შორის იმ სარჩელების, რომელიც შეტანილი იყო გახმაურებულ საქმეებზე. რატომ იცვლებოდა სარჩელები? რა მიზანი ჰქონდა სარჩელების შეცვლას? იყო კონკრეტული მიზანი, კერძოდ, როგორც ჩანს, წინასწარი შეთანხმება არსებობდა სარჩელის შემომტან მხარესა და საკონსტიტუციო სასამართლოს ცალკეულ მოსამართლეს, თუ ცალკეულ მოსამართლეებს შორის...  ეს არის კონსტიტუციური წესრიგის დარღვევა და საკონსტიტუციო სასამართლოს გზით საკონსტიტუციო ე.წ. რევოლუცია. ეს გეგმა მათ არ გამოუვიდათ და არ გამოუვათ იმიტომ, რომ კონკრეტულმა მოსამართლეებმა თავი დააღწიეს იმ გავლენას და ზეწოლას, რომელშიც ისინი წლების განმავლობაში იმყოფებოდნენ", - განაცხადა ეკა ბესელიამ.
 

სპეციალურ ბრიფინგზე განცხადება გააკეთა ფრაქცია ქართული ოცნების ლიდერმა გია ვოლსკიმაც. მისი მტკიცებითაც, "შემოსულ სარჩელზე წინასწარ არის გავლილი კონსულტაციები პირველ კოლეგიაში და შემდეგ არის დამატებული და შესწორებული შინაარსობრივად". დეპუტატის თქმით, იკვეთება მოსამართლეების თანამშრომლობა სარჩელის შემომტან პოლიტიკურ ფიგურებთან.

აღსანიშნავია, რომ უმრავლესობის დეპუტატები საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის მერაბ ტურავას რამდენიმე დღის წინ გაკეთებულ განცხადებაზე საუბრობენ. ტურავას მტკიცებით, ე.წ კაბელების საქმეზე საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილი სარჩელი შეიცვალა.

კომენტარები