პრეზიდენტის ადმინისტრაცია

ენმ ჩიღვინაძეზე: პრეზიდენტი მოიქცა ისე, როგორც ბესელია, ანუ უთავმოყვარეოდ

ირმა ნადირაშვილი
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მედიამდივნის ირმა ნადირაშვილის განცხადებით, "ბიძინა ივანიშვილი და ერთ დროს მისი რჩეული გიორგი მარგველაშვილი ქვეყნის მუქ ტრადიციებში მართვას აგრძელებენ". ნადირაშვილი პრეზიდენტის მიერ ივანე ჩიღვინაძის კონსულტანტად დანიშვნას გამოეხმაურა. 

"გამოძიებით დადგენილია, რომ ჩიღვინაძე ბურჯანაძის იმ ესკორტის წევრი იყო, რომელიც 26 მაისს პოლიციელების კორდონს დაეჯახა და ერთ-ერთის სიცოცხლე იმსხვერპლა. დასჯის ნაცვლად კი, მთავრობამ ის პოლიტპატიმრად გამოაცხადა და ახლა პრეზიდენტმა სახელმწიფო სამსახურში აიყვანა. ეს ნიშნავს, რომ მარგველაშვილმა კიდევ ერთხელ მიაყენა ტრავმა გარდაცვლილი პოლიციელის ოჯახს, ყველა პოლიციელს, ვინც სამშობლოს ემსახურება. მარგველაშვილმა, სამწუხაროდ, კიდევ ერთხელ გამოავლინა უნებისყოფობა და წინააღმდეგობა ვერ გაუწია მათ, ვინც ივანე ჩიღვინაძის სახელმწიფო სამსახურში აყვანა სთხოვა. სამწუხაროდ, პრეზიდენტი მოიქცა ისე, როგორც ბესელია, ანუ უთავმოყვარეოდ. მიუხედავად იმისა, რომ ივანიშვილი ყოვლად მიუღებელი მეთოდებით ებრძვის პრეზიდენტის ინსტიტუტს, მარგვალაშვილი მაინც ქვეყნის არაფორმალური მმართველის ტრადიციის გამგრძელებლად გვევლინება. სამწუხაროდ, პრეზიდენტი თავადაც არ უფრთხილდება ინსტიტუტებს და იმ ფუნდამენტს, რაზეც სახელმწიფოს და ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოება დგას. 8 ოქტომბერს ჩვენ დავასრულებთ ქვეყნის რღვევას და ახალი ენერგიით დავიწყებთ წინსვლას." - განაცხადა ნადირაშვილმა.

ცნობისთვის, ივანე ჩიღვინაძე ნინო ბურჯანაძის პარტიის ერთ–ერთი მსხვილი შემომწირველი იყო. ის 2011 წლის 26 მაისს დააპატიმრეს. გამოძიების განცხადებით, ჩიღვინაძე ნინო ბურჯანაძის ესკორტის ერთ-ერთ მანქანას მართავდა. ბურჯანაძის ექსკორტის ავტომობილები მაშინ რამდენიმე ადამიანს შეეჯახა. ცხრა პოლიციელი დაშავდა, ხოლო ერთი - გარდაიცვალა. საქმეზე ბრალი შვიდ პირს წარუდგინეს. 

სასამართლოს ინფორმაციით, ივანე ჩიღვინაძე 26 მაისის აქციის დაშლის დაწყებისას, სხვა პირებთან ერთად, ჩაჯდა მისსავე სახელზე რეგისტრირებულ თეთრი ფერის ტოიოტა-ლენდკრუიზერის მარკის (სახელმწიფო ნომრით QSQ808) ავტომანქანაში და მეტროსადგურ თავისუფლების მოედნის მიმართულებით მაღალი სიჩქარით გაემართა, რა დროსაც დაეჯახა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ტერიტორიული მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილეს გიორგი დათიაშვილს. ამის შემდეგ, ჩიღვინაძე მიიმალა, დათიაშვილი კი – ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანებით საავადმყოფოში გადაიყვანეს. სასამართლოსა და პროკურატურის ცნობით, ჩიღვინაძემ ბრალი აღიარა.
 

საქართველოს მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, ივანე ჩიღვინაძის მიერ აღიარების და გამოძიებასთან თანამშრომლობის შედეგად, მასთან გაფორმდა საპროცესო შეთანხმება.

2011 წლის 25 აგვისტოს, თბილისის საქალაქო სასამართლომ დაამტკიცა მხარეებს შორის გაფორმებული საპროცესო შეთანხმება და ივანე ჩიღვინაძეს სასჯელის სახედ და ზომად 8 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა, საიდანაც 4 წელს მსჯავრდებული სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოიხდიდა, ხოლო 4 წელი ჩაეთვალა პირობითად, 5 წლის გამოსაცდელი ვადით. ასევე ჩიღვინაძეს სახელმწიფოს სასარგებლოდ, უსასყიდლოდ ჩამოერთვა მისი მართვის ქვეშ მყოფი თეთრი ფერის ”ტოიოტა-ლენდკრუიზერი”-ს მარკის ავტომანქანა. რაც შეეხება გარდაცვლილ პოლიციელ ვლადიმერ მანსურაშვილს, მას გამოძიების ცნობით, ნინო ბურჯანაძის ექსკორტის კიდევ ერთი წევრი ალექსანდრე ბიბილური დაეჯახა. 

"გამოვედი აქციიდან, თეთრი ტოიოტას ჯიპით, დავინახე ესკორტი და ჩავუდექი სადღაც შუაში. მომიტინგეთა და სპეცრაზმის რაოდენობა ძალიან დიდი იყო. ამ დროს გავკარი სარკე და დავაკარგინე წონასწორობა ამ პიროვნებას, რომელსაც შემდგომ, უკანა მანქანამ გადაუარა" - ამბობს ივანე ჩიღვინაძე აღიარებით ჩვენებაში.

ივანე ჩიღვინაძე და ალექსანდრე ბიბილური 2013 წელს პოლიტპატიმრის სტატუსით გაათავისუფლეს.

აღსანიშნავია, რომ 2014 წლის მარტში ჩიღვინაძე პოლიციას კიდევ ერთხელ ჰყავდა დაკავებული, იარაღის უკანონო ტარებისთვის.

კომენტარები