შინაგან საქმეთა სამინისტრო

პოლიცია მოქალაქის სახლში ორდერის გარეშე ცესკო-ს სახელით მოტყუებით შევიდა

თეთრი ხმაურის მოძრაობა

გუშინ, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვასთან ბრძოლის დეპარტამენტის თანამშრომლები, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, ჩხრეკის მიზნით თეთრი ხმაურის მოძრაობის აქტივისტის, დავით კახაბერის საცხოვრებელ სახლში შევიდნენ, სადაც ის დედასთან ერთად იმყოფებოდა. ჩხრეკა ჩატარდა გადაუდებელი აუცილებლობით, ორდერის გარეშე.

კახაბერის ინტერესებს ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC) იურისტი, გურამ იმნაძე იცავდა.

ჩხრეკა 1 საათს გაგრძელდა. კახაბერს კანონსაწინააღმდეგო არაფერი აღმოაჩნდა და მას ნარკოლოგიურ ექსპერტიზაზე გადაყვანა მოსთხოვეს, საიდანაც მალევე გაათავისუფლეს.

აღსანიშნავია, რომ პოლიიცის თანამშრომლები კახაბერთან ცესკო-ს სახელით მოტყუებით შევიდნენ.

თეთრი ხმაურის მოძრაობის განცხადებით, "დავით კახაბერი დღეს დილით დაბრუნდა საბერძნეთიდან, რაც გვაფიქრებინებს, რომ პოლიციის მხრიდან ეს იყო მოძრაობის წევრზე მიზანმიმართული თავდასხმა. მოვუწოდებთ შინაგან საქმეთა სამინისტროს, შეწყვიტოს ადამიანების უმიზნო და უშედეგო დევნა. თქვენ ატარებთ სამარცხვინო პოლიტიკას, რომელიც ქვეყნის პრესტიჟსა და იმიჯს წარმოუდგენლად ლახავს", - წერია მოძრაობის განცხადებაში.

კომენტარები