არჩევნები 2016

პაატა ბურჭულაძე პარტიის ოფისში ჯაფარიძე-ვაშაძის გაერთიანებას ხვდება

pia.ge

პაატა ბურჭულაძის პარტიის ოფისში, გაერთიანების საკითხზე გირჩთან, ახალ საქართველოსა და მემარჯვენეებთან შეხვედრა მიმდინარეობს.

"მივესალმები [შემოთავაზებას]. როდესაც შემოვედი პოლიტიკაში, პირველი, რაც შევთავაზე საქართველოში არსებულ ჯანსაღ ძალებს, იყო ის, რომ გავერთიანდეთ. ყველა ჯანსაღ ძალას, ვისაც უნდა საქართველოს გადარჩენა იმისგან, რაც ხდება დღევანდელ დღეს. და აი, დღეს გვაქვს კონსულტაციები და ცოტა ხანში მოგახსენებთ ამის რეზულტატს. ჯერ უნდა დაველაპარაკო ჩვენს ახალ მეგობრებს", - თქვა პარტიის სახელმწიფო ხალხისთვის ლიდერმა პაატა ბურჭულაძემ.

"დღეს ჩანს, რომ საქართველოში პროდასავლურად განწყობილი მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილი არის გულაცრუებული, როგორც დღევანდელი, ისე წინა ხელისუფლებით და მაღალი ალბათობაა, რომ ეს ადამიანები ან საერთოდ არ მივიდნენ არჩევნებზე, ან მივიდნენ და არავის არ მისცენ ხმას. ეს კი არის იმის ალბათობა, რომ პრორუსული ფლანგი გაძლიერდეს და უფრო მნიშვნელოვანწილად იქნას წარმოდგენილი პარლამენტში, რაც ჩემი აზრით, იქნება კატასტროფა ამ ქვეყნისთვის", - განაცხადა გირჩის ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ და აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია, პროდასავლურმა ძალებმა იპოვონ გადაკვეთის წერტილი.

ვაშაძე-ჯაფარიძე - ახალმა არჩევანმა პაატა ბურჭულაძეს გაერთიანება გუშინ შესთავაზა. 

აქვე შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ ნაციონალური მოძრაობის ყოფილი წევრი გიორგი ვაშაძე ("ახალი საქართველო") ამავე პარტიიდან წასული წევრების მიერ შექმნილ პარტია "ახალი პოლიტიკური ცენტრი - გირჩს" შეუერთდა.

საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 8 ოქტომბერს გაიმართება.

კომენტარები