არჩევნები 2016

ვის სასარგებლოდ შეიცვალა საარჩევნო სისტემა

ბიძინა ივანიშვილი
NYT

საპარლამენტო არჩევნების წინ საარჩევნო სისტემა შეიცვალა. სისტემის ცვლილება ოლქებში მოსახლეობის რაოდენობის გათანაბრებაში მდგომარეობს. აქამდე მოქმედი სისტემით, პარლამენტში ერთ მაჟორიტარ დეპუტატს ირჩევდა 5- ათასკაციანი ყაზბეგის ოლქი და 130-ათასკაციანი გლდანის ოლქი. შესაბამისად, თუ გლდანში ცხოვრობთ, არჩევნების ბედზე 26-ჯერ ნაკლები გავლენა გქონდათ, ყაზბეგის მცხოვრებთან შედარებით. საკონსტიტუციო სასამართლომ 2015 წლის 28 მაისს დაადგინა, რომ ეს სისტემა არაკონსტიტუციური იყო, რადგანაც მის შედეგად ამომრჩეველთა ხმები დისკრიმინაციული წესით ითვლებოდა. 

მთავრობას საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების დაკმაყოფილება მოუწია, რის შედეგადაც 73 მაჟორიტარულ ოლქში მოსახლეობის გათანაბრების პროცესი დაიწყო. გათანაბრების შემდეგ ამომრჩეველთა ხმები ყველა საარჩევნო ოლქში დაახლოებით ერთნაირი უნდა გამხდარიყო. შედეგად თბილისში ოლქების რაოდენობა 12-ით გაიზარდა და 22 გახდა. რეგიონებში კი ოლქები გამსხვილდა. მაგალითად, შეიქმნა ყაზბეგი-დუშეთი-თიანეთის გაერთიანებული ოლქი. 
 
გათანაბრების პროცესის შედეგად თითოეულ ოლქში საშუალოდ 48 ათასი ამომრჩეველია რეგისტრირებული. აქედან ყველაზე მცირე ოლქში 42 ათასი, ყველაზე მსხვილ ოლქში კი 54 ათასი ამომრჩეველია. 
 
მმართველი პარტიის მიზანს ოლქებში მხოლოდ მოსახლეობის გათანაბრების მიღწევა არ წარმოადგენდა. სავარაუდოდ, მთავრობა შეეცადა, ეს ოლქები ისე გადაენაწილებინა, რომ საზღვრების ცვლილებით მას უფრო მეტი მანდატის მოპოვების შესაძლებლობა მისცემოდა. ამ მიზნის მიღწევისთვის ქართულმა ოცნებამ 2012 წლის არჩევნების შედეგებზე დაყრდნობით ზოგიერთი ოლქის საზღვარი ისე შეცვალა, რომ მასში ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ მასზე ნაკლები ხმები აიღოს. ამ არცთუ ისე სამართლიან ხერხს "ჯერიმანდერინგს" უწოდებენ და მას უცხოეთშიც პარტიები არჩევნებში მეტი მანდატების მოსაპოვებლად იყენებენ.
 
სოციოლოგიური კვლევების ორგანიზაცია CRRC საქართველოს კვლევის მიხედვით, იმ პირობებში, თუ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნები დღეს მოქმედი სისტემით ჩატარდებოდა, მაჟორიტარულ ოლქებში ქართული ოცნება 41 მანდატის ნაცვლად 50 მანდატს მიიღებდა. შესაბამისად, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მანდატების რაოდენობა 32-დან 23-მდე შემცირდებოდა. 

ფოტო: CRRC
ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ 2014 წლის თვითმმართველობის არცევნების შედეგებზე დაყრდნობით საკონსტიტუციო სარჩელი მოამზადა. საქმე რამდენიმე ისეთი ოლქის პოლიტიკური მიზნებით გაერთიანებას ეხება, რომლებსაც ერთმანეთთან საზღვრებიც კი არ აქვთ. სარჩელი სასამართლომ არ დააკმაყოფილა.
 
ვანის და ხონის გაერთიანებული ოლქი
 
მთავრობის თავდაპირველი გეგმის მიხედვით, სამტრედიის 55-ე საარჩევნო ოლქის ნაწილებად დაყოფა და მათი მოსაზღვრე ოლქებისთვის, ვანისა და ხონისთვის გადანაწილება იგეგმებოდა. შედეგად ოლქებში მოსახლეობის რაოდენობა საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დაწესებულ მოთხოვნებს დააკმაყოფილებდა. თუმცა ოლქებში ხმების გათანაბრების სხვა გზას მიმართეს. მათ ერთმანეთთან არამოსაზღვრე რაიონები, ვანი და ხონი ერთ უბნად გააერთიანეს, რასაც პოლიტიკური მიზეზები აქვს.
 
2014 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ხონის 24 ათას ამომრჩევლიან ოლქში ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ ხმების 42% მიიღო, ქართული ოცნების მიღებული ხმების რაოდენობა კი 46% იყო. ქართულ ოცნებას შედარებით უკეთესი მხარდაჭერა ვანის 26 ათასიან ოლქში ჰქონდა მიღებული, აქ ნაციონალური მოძრაობის მიერ მიღებული ხმების რაოდენობა 13% იყო. ორი ოლქის გაერთიანებით შეიქმნა 50 ათას ამომრჩევლიანი ოლქი, რომელშიც ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მიერ გამარჯვების მოპოვების შანსი შემცირდა.
 
ვანის და ხონის მოსაზღვრე სამტრედიის ოლქის საზღვრები კი მნიშვნელოვნად არ შეცვლილა, ამის მიზეზი შესაძლოა, ქართული ოცნების მიერ საპარლამენტო არჩევნებზე სამტრედიაში დაფიქსირებული მაღალი შედეგები გახდა. 
 
გაუქმებული ყვარლის ოლქი
 
ქართულმა ოცნებამ ყვარლის ოლქი საერთოდ გააუქმა და მისი ნაწილი ლაგოდეხის ოლქს მიუერთდა, ხოლო მეორე ნაწილი თელავის ოლქს. ეს გადაწყვეტილებაც ჯერიმანდერინგის მაგალითია. ყვარლის ოლქში, ბოლო თვითმმართველობის არჩევნებისას (მაგალითისათვის გამგებლის არჩევნები) სახელისუფლებო კანდიდატის მიერ მიღებული ხმები თითქმის უტოლდება ოპოზიციური პარტიების მიერ მიღებულ ხმებს (48.68%-44.37%). შესაბამისად ეს ოლქი გამსხვილდა იმ ოლქების დამატებით სადაც ქართულ ოცნებას შედარებით უკეთესი მხარდაჭერა ჰქონდა მიღებული.  
 
ქართული ოცნება მოსახლეობას საარჩევნო სისტემის რეფორმირების გაგრძელებას ჰპირდება. პარტია 2020 წლის არჩევნებისთვის საკონსტიტუციო ცვლილებებსა და მაჟორიტარული ოლქების გაუქმებას გეგმავს. იქამდე კი, სანამ საარჩევნო სისტემის რეფორმირება გაგრძელდება, არსებული სისტემა ქართულ ოცნებას უკვე აძლევს უპირატესობას, ჯერიმანდერინგის მეშვეობით პარლამენტში მეტი მაჟორიტარი დეპუტატი გაიყვანოს. 

კომენტარები