დასაქმება

გერმანიაში მინიმალური ხელფასის დაწესებამ 60 ათასი სამუშაო ადგილის გაქრობა გამოიწვია

Fabrizio Bensch / Reuters

2015 წლის იანვრიდან გერმანიაში დამსაქმებლებს თანამშრომელთათვის საათში €8.50-ზე ნაკლების გადახდის უფლება არ აქვთ. ქვეყანამ მინიმალური ხელფასის რეგულაცია დასაქმებულთა უფლებათა დაცვის მოტივით შემოიღო, სინამდვილეში კი, გერმანიის შრომის კვლევითი ინსტიტუტის (IAB) მონაცემებით, ცვლილებამ ახალი სამუშაო ადგილების გაჩენა შეაფერხა, უკვე არსებულთა ნაწილი კი გააქრო. ცვლილების შედეგად ჯამში 60 ათასი სამუშაო ადგილი დაიკარგა ან არ შეიმქნა.

რატომ იწვევს მინიმალური ხელფასის დაწესება სამუშაო ადგილების გაქრობას:

ქვეყნები პროფკავშირების ზეწოლით ან პოპულისტური მიზნებით ხშირად აწესებენ მინიმალურ სახელფასო რეგულაციებს. ერთი შეხედვით, თუ დამსაქმებლებს გაუჩნდებათ ვალდებულება, ყველა დასაქმებულს საათში €8.50 გადაუხადონ, ეს ყველა დასაქმებულზე, განსაკუთრებით კი მათზე, ვისაც €8.50-ზე ნაკლები ხელფასი აქვს, კარგად უნდა აისახოს, თუმცა ასე არ ხდება.

შრომის ფასი, ისევე როგორც სხვა პროდუქციისა და მომსახურებისა, მოთხოვნა-მიწოდების შედეგად განისაზღვრება. თუ კომპანიას გაუძვირდა ელექტროენერგიის ხარჯი, ის აუცილებლად შეიძენს ენერგოდამზოგავ ელექტროტექნიკას ან ელექტროენერგიის მოხმარებას შეამცირებს. ანალოგიურად ხდება შრომის ბაზარზეც, სახელმწიფოს მხრიდან მინიმალური ხელფასის დაწესება შრომის გაძვირებას ნიშნავს, რის გამოც კომპანიები იძულებული არიან, იმისთვის, რომ ყველა დასაქმებულს მინიმუმ €8.50 გადაუხადონ, ან დასაქმებულთა ნაწილი გაათავისუფლონ, ან საკუთარი მოგება შეამცირონ, ასევე უარი თქვან ახალი სამუშაო ადგილების შექმნაზე.(ან სამივე ერთად). გერმანიაში რეგულაციას ყველაზე ნეგატიური გავლენა სწორედ ახალი სამუშაო ადგილების შექმნაზე ჰქონდა.

რა მოხდა გერმანიაში:

IAB-ის მიერ გამოკითხული კომპანიების 20%-ში აცხადებენ, რომ მინიმალური ხელფასის დაწესება მათ ბიზნესზე ნეგატიურად აისახა. ბიზნესმენთა თქმით, ცვლილებებმა მათ უბიძგა საკუთარი პროდუქციის ფასის გაძვირებისკენ. ასევე, ზოგიერთმა კომპანიამ, იმისთვის, რომ დასაქმებულისთვის საათში €8.50 გადაეხადა, ამ დასაქმებულთა სამუშაო საათები შეამცირა, რამაც მათი წარმოების მოცულობის გარკვეული შემცირებაც გამოიწვია. ზოგიერთმა კომპანიამ კი თანამშრომელთა გარკვეული ნაწილი გაათავისუფლა. 

გერმანიაში დასაქმებულთა რაოდენობა 43 მილიონს შეადგენს, უმუშევრობის მაჩვენებელი კი 4.2%-ია. გასული ორი წლის მანძილზე ქვეყანაში დასაქმებულთა რაოდენობა მხოლოდ 500 ათასით გაიზარდა. დასაქმებულთა რაოდენობა სავარაუდოდ უფრო მაღალი ტემპით გაიზრდებოდა რომ არა მინიმალური ხელფასის რეგულაცია.

კომენტარები