ტერორიზმის მცდელობა

ტერორიზმის მცდელობაში ბრალდებულის შესაძლო ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

მთავარი პროკურატურა
პროკურატურა

ტერორიზმის მცდელობაში ბრალდებულ ბექა ბექაურის შესაძლო ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიება სსკ-ის 333-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს.

დაკავებული ბექა ბექაური საავადმყოფოშია გადაყვანილი. მას მრავლობითი დაზიანებები თავისა და გულმკერდის არეში აღენიშნება. 

მომხდარზე გამოძიების დაწყების მოთხოვნით პროკურატურას სახალხო დამცველმა მიმართა.

შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ მაგისტრალური მილსადენის აფეთქების მცდელობისთვის დაკავებულ შვიდივე პირს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე გიორგი კერატიშვილმა ახსნა გარემოებით, რომ საქმეზე გამოძიება კვლავ მიმდინარეობს, დაკავებულებს კი გამოძიების პროცესის ხელის შეშლა და მტკიცებულებათა ფალსიფიცირება შეუძლიათ. დაკავებულთა ადვოკატების თქმით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა საქმეზე არასანქცირებული სატელეფონო მოსმენები გამოიყენა, რაც ამ მტკიცებულებების არადასაშვებად ცნობის საფუძველს იძლევა. ადვოკატები სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავენ.

გამოძიებას სრულ ნდობას უცხადებს სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსანი და მოქმედი თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია. იზორიას თქმით, საზოგადოება მალე შეიტყობს, თუ ვინ იყო ამ პირებისთვის ტერორისტული აქტის ჩადენის დამკვეთი.
 

დაკავებულთა ადვოკატის მაია ჭრელაშვილის თქმით, ბექა ბექაური და კიდევ ორი დაკავებული არ ადასტურებს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ "ისინი ვაჰაბიზმის მიმდევრები არიან". ადვოკატის თქმითვე, ბექაური აღიარებს, რომ აქტი ქვეყანაში მხოლოდ რუსული ობიექტების წინააღმდეგ იყო მიმართული.

ის, რასაც დაკავებულები რუსულ ობიექტს უწოდებენ, გასული საუკუნის სამოცდაათიან წლებში აშენებული მაგისტრალური მილსადენია. ეს მილსადენი სომხეთში ბუნებრივი აირის მიწოდების მთავარი წყაროა, საქართველოზე კი მისი 221-კილომეტრიანი მონაკვეთი გადის.

საქმეზე შემდგომი სასამართლო სხდომა 10 ოქტომბერს გაიმართება.

კომენტარები