სიღარიბე

მსოფლიო ბანკი: მოსახლეობის 69% ღარიბია, 24% კი სიღარიბესთან ახლოსაა

0 კომენტარი
ფოტო: benjielayug.com

მსოფლიო ბანკმა საქართველოში სიღარიბესთან დაკავშირებით ანგარიში გამოაქვეყნა. კვლევა 2010-2014 წლების მონაკვეთს ეხება და მისი მიხედვით, საქართველოს მოსახლეობის 32% უკიდურესად ღარიბია, 37% კი საშუალოდ ღარიბი. შესაბამისად, უკიდურესი და საშუალო სიღარიბის საერთო მაჩვენებელი 69%-ია. ბანკის მონაცემებით, სიღარიბესთან ახლოს მოსახლეობის 24% იმყოფება. ბანკის კლასიფიკაციით ქვეყანაში საშუალო ფენა, ანუ იმ ადამიანთა ჯგუფი, ვისაც საკუთარ თავზე დღეში $10 დოლარის ან მეტის დახარჯვა შეუძლია, მხოლოდ 7%-ს შეადგენს.

უკიდურესი სიღარიბე შემცირდა

მსოფლიო ბანკის მონაცემებით, 2010-2014 წლების მანძილზე იმ ადამიანთა რაოდენობა, ვისაც საკუთარ თავზე დღეში $2.5 მეტის დახარჯვა არ შეუძლიათ (უკიდურესად ღარიბები), 15%-ით შემცირდა. ბანკის კლასიფიკაციით საშუალო სიღარიბედ ითვლება მდგომარეობა, როდესაც ადამიანებს საკუთარ თავზე $5 დოლარზე მეტის დახარჯვა არ შეუძლიათ. ასეთი ქვეყანაში მოსახლეობის 37%-ია.

2010-დან 2014 წლამდე უკიდურესი სირარიბე 15%-ით შემცირდა ფოტო: worldbank.org

ეკონომიკის მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი კვლევის შედეგებთან დაკავშირებით ამბობს - "ყველა იმ ეკონომიკურმა რეფორმამ, რომლებიც ჩვენმა ხელისუფლებამ ამ პერიოდის განმავლობაში გაატარა, თავისი შედეგი გამოიღო და ჩვენ რეალურად გვაქვს სიღარიბის შემცირება, თუმცა, ის კვლავ უაღრესად დიდია". მინისტრის ამ განცხადების მიუხედავად, უკიდურესი სიღარიბის შემცირება არ შეიძლება მხოლოდ ქართული ოცნების მთავრობის შედეგებს უკავშირდებოდეს. მსოფლიო ბანკის ანგარიში 2010-2014 წლების მონაკვეთს ეხება, შესაბამისად, ამ პერიოდში სიღარიბის შემცირება მხოლოდ ქართული ოცნების მთავრობის დამსახურება ვერ იქნება. 

ამასთანავე 2010-2012 წლებში საქართველოს ეკონომიკური ზრდა საშუალოდ 6.6%-ს შეადგენდა. 2013-2014 წლებში კი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი ამაზე დაბალი, საშუალოდ 4% იყო. მაღალმა ეკონომიკურმა ზრდამ 2010-2012 წლებში სიღარიბის შემცირებას ხელი შეუწყო, 2013-2014 წლებში კი სიღარიბის შემცირების მიზეზი გაზრდილი სოციალური ხარჯები, ამასთანავე გაზრდილი სოფლის მეურნეობის ხარჯები გახდა. სიღარიბის შემცირების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მიზეზი უცხოეთიდან საქართველოში გამოგზავნილი ფულადი გზავნილებია. 

რამდენმა ადამიანმა დააღწია თავი უკიდურეს სიღარიბეს?

ეკონომიკის მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილის თქმით, უკიდურესი სიღარიბის 15%-ით შემცირებამ 500 ათასი ადამიანის უკიდურესი სიღარიბიდან გათავისუფლება გამოიწვია. ეს რიცხვი შესაძლოა რეალური მონაცემისგან შორს იდგეს, რაც ქვეყნის მოსახლეობის რიცხვოვნობას უკავშირდება. მსოფლიო ბანკი სიღარიბის ანგარიშის შედგენისას მოსახლეობის შესახებ მოძველებულ ინფორმაციას დაყრდნო, რომლის მიხედვითაც საქართველოს მოსახლეობა 4.4 მილიონია. საყოველთაო აღწერის შედეგების მიხედვით კი, საქართველოს მოსახლეობა 3.7 მილიონია. შესაბამისად უკიდურესი სიღარიბის შემცირება დაახლოებით 420 ათასი იყო.

მათ ვინც უკიდურეს სიღარიბეს თავი დააღწიეს, საშუალოდ ღარიბები გახდნენ.

სიღარიბის გეორგრაფია

მსოფლიო ბანკის ანგარიშის მიხედვით, საქართველოში სიღარიბე ძირითადად რეგიონულ მოვლენას წარმოადგენს. რეგიონებში უკიდურესი სიღარიბის მაჩვენებელი 42%-ს შეადგენს. ანგარიშის მიხედვით, თბილისში მოქალაქის საშუალო, ყოველთვიური შემოსავალი 2014 წელს 300 ლარს შეადგენდა. ამავე პერიოდში რეგიონებში მცხოვრებთა საშუალო ყოველთვიური შემოსავალი ამაზე 30%-ით ნაკლები იყო და ის 214 ლარს შეადგენდა. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

მოპედის ქურდობისთვის თბილისში ერთი პირი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები