არჩევნები 2016

ყიფიანი: ლაგაზიძის უკმაყოფილება საარჩევნო სიაში არყოფნამ გამოიწვია

ირაკლი ყიფიანი
სახელმწიფო ხალხისათვის

პლატფორმის პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისათვის წევრი ირაკლი ყიფიანი ხათუნა ლაგაზიძის მიერ პარტიის დატოვების მიზეზს აბსურდულს უწოდებს. მისივე თქმით, ლაგაზიძის უკმაყოფილება საარჩევნო სიაში არყოფნამ გამოიწვია.

"სრულიად აბსურდია ის მიზეზები, რასაც ის ასახელებს. ქალბატონი ხათუნას წასვლა უკავშირდება იმ უკმაყოფილებას, რაც გამოიწვია სიაში მისმა არყოფნამ. სიის კეთების პროცესიც იყო გუნდური, რაშიც თვითონ ქალბატონი ხათუნაც იყო ჩართული. შესაბამისად, ის განცხადებები კონტექსტიდან აბსოლუტურად ამოვარდნილია. თუ მსგავსი პრობლემები არსებობდა, შეეძლო სიების გამოქვეყნებამდე ესაუბრა ამ პრობლემებზე და არა სიების გამოქვეყნების შემდეგ.

სამწუხაროა ის ფაქტი, რომ პირადი ინტერესები გაცილებით მაღლა დააყენა, ვიდრე ორგანიზაციის ინტერესები. ჩვენს გუნდში მუშაობს სისტემა, რომელმაც მიიღო გადაწყვეტილება, რომ პარლამენტში ამ გუნდით შესვლა მოუტანს ქვეყანას და ორგანიზაციას სარგებელს, ეს იყო ჩვენი ფოკუსი.

ხათუნას განცხადებები სიურპრიზი იყო და საწყენია, რომ ასეთ განცხადებებს აკეთებს. ეს რომ სიმართლეს შეეფერებოდეს, სიის გამოქვეყნებამდე იტყოდა და არ ისაუბრებდა ახლა", - თქვა ყიფიანმა.

ხათუნა ლაგაზიძე პარტიის დატოვების შემდგომ ამბობს, რომ მას და მის ოჯახს საფრთხე ემუქრება. ლაგაზიძის თქმით, მას აიძულეს, მიეღო ეს გადაწყვეტილება. "ეს არის კრიმინალური მენტალობის მქონე ადამიანების სერიოზული ზეწოლით დაკომპლექტებული სია", - აღნიშნა მან.

კომენტარები