ე.წ. კაბელების საქმე

სააპელაციო სასამართლომ ე.წ. კაბელების საქმის განხილვა დაიწყო

სააპელაციო სასამართლო
სააპელაციო სასამართლო

სააპელაციო სასამართლომ ე.წ. კაბელების საქმის განხილვა დაიწყო. საქმეს მოსამართლე მანუჩარ კაპანაძე განიხილავს, რომელსაც თავისუფალი დემოკრატები უნდობლობას უცხადებენ.

დღევანდელი პროცესი პროტესტის ნიშნად დატოვა პარტიის ლიდერმა ირაკლი ალასანიამ. მისი თქმით, კაპანაძე ის მოსამართლეა, რომელმაც სულხან მოლაშვილი პატიმრობაში დატოვა და ის ამჯერადაც პოლიტიკურ გადაწყვეტილებას მიიღებს.

"ყოჩაღ, ივანიშვილი, მურუსიძე არ გვაკმარა და ახლა მანუჩარ კაპანაძე მოავლინა სააპელაციო სასამართლოში კაბელების საქმის განმხილველ მოსამართლედ. ეს იყო ერთ-ერთი ჯალათი მოსამართლე სულხან მოლაშვილის საქმეზე, რომელზეც საერთაშორისო დამკვირვებლები იძახდნენ, რომ მისი გადაწყვეტილებები კითხვების გამჩენია. გრძელდება აბსოლუტურად იგივე სამარცხვინო პრაქტიკა. ასეთი მოსამართლეები განიხილავენ ასეთ მნიშვნელოვან საკითხს", - თქვა ალასანიამ.

დღევანდელ პროცესზე ადვოკატებმა მანუჩარ კაპანაძის აცილების შუამდგომლობაც დააყენეს, თუმცა, ის არ დაკმაყოფილდა.

როგორც ცნობილია, 16 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლომ ე.წ. კაბელების საქმეზე თავდაცვის სამინისტროს 5 ყოფილი მაღალჩინოსანი ბიუჯეტის თანხების გაფლანგვაში დამნაშავედ ცნო და სასჯელად თავისუფლების 7-7 წლით აღკვეთა მიუსაჯა.

ამასთან, ხვალ არსებითად განიხილავს საკონსტიტუციო სასამართლო ე.წ. კაბელებისა და გიგი უგულავას გაერთიანებულ საქმეს. ადვოკატები გაფლანგვა/მითვისების მუხლს ასაჩივრებენ, რომლის საფუძველზეც თავდაცვის სამინისტროს ყოფილ თანამშრომლებსა და გიგი უგულავას პატიმრობა აქვთ შეფარდებული.

კომენტარები