ანაკლიის პორტი

პრემიერი: ანაკლიის პორტი სამ წელიწადში დაიწყებს ფუნქციონირებას

facebook.com/KvirikashviliOfficial

პრემიერმინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ანაკლიის პორტი სამ წელიწადში დაიწყებს ფუნქციონირებას. კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე აღნიშნა, რომ "პორტი ათასობით ადამიანს დაასაქმებს".

"ეს არის საკითხი, რომელზეც პრაქტიკულად ორი წელია მიმდინარეობს მოლაპარაკება. ძალიან დიდი სამუშაო იქნა გაწეული. ეკონომიკის სამინისტროს მიერ ჩართულია ყველა უწყება. ანაკლიის განვითარების კონსორციუმსა და საქართველოს მთავრობას შორის გასაფორმებელი საინვესტიციო ხელშეკრულების მოსამზადებელი სამუშაო დავამთავრეთ. სამ წელიწადში, შესაძლებელი იქნება პორტის პირველი ნაწილის დასრულება. პირველი კომპონენტის მიხედვით, საქართველოს გამტარუნარიანობა კონტეინერების ნაწილში თითქმის ორმაგდება. მნიშვნელოვანია, რომ ეს პორტი სამ წელიწადში დაიწყებს ფუნქციონირებას და ის ათასობით ადამიანს დაასაქმებს", - განაცხადა პრემიერმა და აღნიშნა, რომ ინვესტორს აქვს ვალდებულება - გააკეთოს ორგანიზება და მოამზადოს ტრენინგცენტრი ადგილობრივი მოსახლეობისთვის, რათა ისინი გადამზადდნენ პორტში დასასაქმებლად.

"ანაკლიის პორტი მთლიანად შეცვლის საქართველოს სატრანზიტო პოტენციალსა და ეკონომიკურ ლანდშაფტს. მარტო პირველ ფაზაში ინვესტორი $586 მილიონ დოლარს ჩადებს", - თქვა კვირიკაშვილმა.

ანაკლიის განვითარების კონსორციუმი TBC Holding-ისა და ამერიკული კომპანია Conti International-ის მიერ ერთობლივად დაფუძნებული კომპანიაა. პორტის ღირებულება $2 მილიარდს აღემატება.
 

მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, ანაკლიის ახალი ღრმაწყლოვანი ნავსადგური დაახლოებით 400 ჰექტარზე განთავსდება. პორტში გაჩერებას შეძლებენ 10 000 კონტეინერის ტევადობის ხომალდები. პორტი უზრუნველყოფს დიდი ზომის გემების მომსახურებასაც.  

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობაზე ტენდერი დაახლოებით 2 წლის წინ გამოცხადდა. კონკურსი რამდენიმე ეტაპად გაიმართა და მასში 10-მდე კომპანია მონაწილეობდა.

კომენტარები