არჩევნები 2016

გოცირიძე: ბიუჯეტის პროექტმა დაადასტურა, რომ "ოცნების" პროგრამა ფარატინა ქაღალდია

ტაბულა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის შეფასებით, ქართული ოცნების პროგრამა ფარატინა ქაღალდია. რომან გოცირიძემ ბრიფინგზე აღნიშნა, რომ მთავრობის წარდგენილი ბიუჯეტის პროექტი "სიცრუეში ამხელს" ქართული ოცნების საარჩევნო პროგრამას.

„საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, მთავრობამ პარლამენტში სახელმწიფო ბიუჯეტი წარადგინა. მას თან ახლავს ქვეყნის განვითარების ძირითადი ეკონომიკური და ფინანსური ინდიკატორები მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში. ოცნების მთავრობის ბიუჯეტი სიცრუეში ამხელს ოცნების მთავრობის საარჩევნო პროგრამას. ამ ორი დოკუმენტის ურთიერთშედარებისას ნათლად ჩანს, რომ ქართული ოცნების საარჩევნო პროგრამა არის ფარატინა ქაღალდი. იგი არის არარეალისტური დოკუმენტი, ტრადიციულად გაჯერებული ცრუ დაპირებებით. პროგრამით ნაკისრი ვალდებულებების უდიდესი ნაწილის შესრულება ნავარაუდებია ქვეყნის ბიუჯეტიდან, თუმცა მთავრობის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტში ამ დაპირებების უდიდესი ნაწილი არ არის გათვალისწინებული" - განაცხადა გოცირიძემ და აღნიშნა, რომ მთავრობის მიერ წარდგენილი დოკუმენტების მიხედვით, ქვეყნის მომავალი გამოიყურება ძალზე უპერსპექტივოდ.

"ეკონომიკური ზრდა მომავალ 2017 წელს გათვალისწინებულია 4 პროცენტის ოდენობით, ხოლო საშუალოდ ოთხი წლის განმავლობაში 4.6 პროცენტის ფარგლებში. მთავრობა არ აპირებს პენსიების ზრდას, მასწავლებლების ხელფასების მატებას, ჯანდაცვის პაკეტში მედიკამენტების გათვალისწინებას, გადასახადების შემცირებას, ინფრასტრუქტურის განვითარებას იმ ტემპით, რაც პროგრამაშია მოცემული, ბიუროკრატიული და არაეფექტიანი ხარჯების შემცირებას, და უამრავ სხვას, რაც დაპირდა საარჩევნო პროგრამით და არ ჩანს არც ბიუჯეტში და არც ეკონომიკური განვითარების პერსპექტივაში. ყოველივე ამას ჰპირდება ნაციონალური მოძრაობა და ჩვენ შევასრულებთ ჩვენს დანაპირებს" - განაცხადა გოცირიძემ.

ეკონომიკის მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილის მტკიცებით კი, ქართული ოცნება 2017 წლის ბიუჯეტში ცვლილებებს არჩევნების შემდეგ შეიტანს. მისი თქმით, ახალი ინიციატივები 2017 წლის ბიუჯეტის პროექტის პირველად ვარიანტში ვერ იქნება ასახული, რადგან ამას საარჩევნო კანონმდებლობა კრძალავს. 

"მხოლოდ არჩევნების დასრულების შემდეგ შევძლებთ შესაბამისი ცვლილებების შეტანას. პრიორიტეტები, რა თქმა უნდა, იქნება ის, რაც ჩვენ განვაცხადეთ, რომელიც ჩვენ გვაქვს და რომელიც აუცილებლად განხორციელდება“, - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

კომენტარები