თანაინვესტირების ფონდი

ბიძინა ივანიშვილის თანაინვესტირების ფონდი სარესტორნო ბაზრით დაინტერესდა

0 კომენტარი
ფოტო: luxuryresortphotography.com

ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებულმა თანაინვესტირების ფონდმა დღეს ფონდის ტურისტული აქტივების სამართავად შექმილი კომპანიის "საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდის" პრეზენტაცია გამართა. ფონდი და მის მიერ დაფუძნებული ოპერატორი კომპანია ბიძინა ივანიშვილის ინიციატივით აშენებულ რვა სასტუმროს გაუწევს ოპერირებას. პროექტის პრეზენტაციაზე ტურიზმის განვითარების ფონდის დირექტორმა ირაკლი ქარსელაძემ განაცხადა, რომ ფონდის მოღვაწეობის მნიშვნელოვანი მიმართულება სარესტორნო ბაზრის ხელშეწყობა იქნება.

"ჩვენ ამჟამად ვამუსავებთ კონცეფციებს და ღია ვართ, რომ ამ ბიზნესში ჩართულმა პირებმა საკუთარი ინიციატივებიც გაგვიზიარონ. ეს მიმართულება ჩვენთვის არ არის საინტერესო, როგორც კომერციული სარგებლის მომტანი, ეს არის აუცილებელი პირობა, რომ ის განვითარებები, რაც კეთდება დღეს საქართველოში, გარშემო მათ ჰქონდეთ ინფრასტრუქტურა. მაგალითად, ბორჯომში არის ძალიან კარგი მაღალი დონის სასტუმრო, მაგრამ სასტუმროდან რომ გამოხვალ, ძალიან რთულია გემრიელი საჭმელის პოვნა, აი, ასეთი მიმართულების განვითარებაზე ვფიქრობთ", - ამბობს ირაკლი ქარსელაძე.

სარესტორნო ბაზარი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი ბიზნესია. ქვეყნის მასშტაბით რესტორნებში 20 ათასი ადამიანია დასაქმებული, ბაზრის ზომა კი ყოველწლიურად 20-25%-ით იზრდება. საქსტატის მონაცემების მიხედვით, რესტორნების ბრუნვა სასტუმროთა ბრუნვას აღემატება. 2016 წლის პირველ ნახევარში რესტორნების ბრუნვამ 330 მილიონი ლარი შეადგინა, ამავე პერიოდში სასტუმროთა ბრუნვა 193 მილიონი ლარი იყო.

თანაინვესტირების ფონდის პრეზენტაცია 2013 წლის სექტემბერში ბიძინა ივანიშვილმა გამართა. ფონდი კაიმანის კუნძულებზეა რეგისტრირებული. თანაინვესტირების ფონდი პროექტებს ენერგეტიკის, ტურიზმის, კრიპტოვალუტის, სოფლის მეურნეობისა და კაპიტალის ბაზრის განვითარების მიმართულებით ახორციელებს. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: მაღალტემპერატურულ ღუმელში 55 მლნ ლარის ღირებულების ნარკოტიკი გავანადგურეთ (VIDEO)

კომენტარები