ფარული ჩანაწერები

თავისუფალი ზონის 2 წევრი დაკითხვაზე იძულების წესით მიიყვანეს

frontnews

არასამთავრობო ორგანიზაცია თავისუფალი ზონის წევრები, მარიამ ბაშარული და ვაჟა მორგოშია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაკითხვაზე იმყოფებიან. ისინი უწყებაში იძულების წესით მიიყვანეს.

ადვოკატ ირაკლი ზაქარეიშვილის თქმით, ბაშარულისა და მორგოშიას დაკითხვა თავისუფალი ზონის ყოფილი წევრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას უკავშირდება. "რასაც სუს-ის მიერ მოსყიდული თავისუფალი ზონის ყოფილი წევრები ამბობდნენ, იმ საკითხზე უნდა დაკითხონ, გადატრიალებასთან და გადმოტრიალებასთან დაკავშირებით”, - ამბობს ადვოკატი. როგორც ცნობილია, თავისუფალი ზონის ყოფილმა წევრმა ბესო კალაძემ რამდენიმე დღის წინ თქვა, რომ ენმ ხელისუფლებაში მოსვლას დესტაბილიზაციითა და რევოლუციის გზით გეგმავს.

ადვოკატ ირაკლი ზაქარეიშვილის თქმით, დაკითხვაზე იძულებით წაყვანა ხელისუფლების დაკვეთაა და ემსახურება მათ დაშინებას, რადგან ისინი მხარს ერთიან ნაციონალურ მოძრაობას უჭერენ. თავისუფალი ზონის წევრები აქამდე ამბობდნენ, რომ ისინი დაკითხვაზე წინასაარჩევნო პერიოდის გამო ვერ მიდიოდნენ.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ შეთქმულების მუხლით დაიწყო გამოძიება რამდენიმე დღის წინ გავრცელებულ ფარულ ჩანაწერთან დაკავშირებით, სადაც თითქოსდა მიხეილ სააკაშვილი და ენმ-ის სხვა წევრები რევოლუციურ სცენარზე საუბრობენ.

კომენტარები