არჩევნები 2016

ცესკო: 10:00 საათის მდგომარეობით, ამომრჩეველთა აქტივობა 8.34%-ია

ცესკო

ცესკო-ს ინფორმაციით, 10:00 საათის მდგომარეობით, ყველა საარჩევნო უბანზე ამომრჩეველთა აქტივობამ 8.34% შეადგინა, რაც რაოდენობრივად 292 957 მოქალაქეა. 2012 წელს ამავე დროისთვის ხმის მისაცემად 10.66% იყო მისული. 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე კი, 10:00 საათის აქტივობა 6.8% იყო.

ცესკო-ს სპიკერმა ანა მიქელაძემ ამ დროისთვის უწყებისთვის ცნობილ დარღვევებზე ისაუბრა.

"რამდენიმე საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის პროცესი დაიწყო რამდენიმე წუთით გვიან. კერძოდ, სამგორის #22, მთაწმინდის #6, ქუთაისის #27 უბნებზე.

ზუგდიდის 18-ე უბანზე 30-40 წუთით შეფერხდა პროცესი, ამომრჩეველს არ შეეძლო 8:00 საათიდან განეხორციელებინა კონსტიტუციური უფლება, რადგან წილისყრით ფუნქციების გადანაწილების დროს ერთ-ერთ კომისიის წევრს არ სურდა, მონაწილეობა მიეღო პროცესში. აავემ უბანზე დამკვირვებელი აპროტესტებდა ლუქის ფორმის დაფიქსირებას.

ფოთის 61- ოლქში მერვე უბანზე 30 წუთით შეფერხდა პროცედურები, წილისყრით ფუნქციების პროცესში, ფიზიკურად ვერ მოახერხეს შესვლა საუბნო კომისიის წევრებმა, კარები ჩაიკეტა.

ბათუმის #1 საარჩევნო უბანზე წარმომადგენელი გააძევეს უბნიდან, რომელიც ხელს უშლიდა საარჩევნო პროცესს. ასევე გააძევეს ა/ო თავისუფალი თანასწორობის ინსტიტუტის დამკვირვებელიც", - თქვა მიქელაძემ.

აღსანიშნავია, რომ ბათუმის #1 უბნიდან გაძევებული ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დამკვირვებლის ინფორმაციით, საარჩევნო კომისიის წევრი აგიტაციას ეწეოდა. "კომისიის წევრი ქუჩაში არ უნდა გამოვიდეს და გარჩევები არ უნდა ხდებოდეს, აგიტაციას ატარებს. ეს მოვითხოვე და გამომაძევეს საარჩევნო უბნიდან", - თქვა მან.

კომენტარები