არჩევნები 2016

2016 წლის არჩევნებში ოცნებამ იმაზე ნაკლები ხმა მიიღო, ვიდრე ენმ-მა 2012-ში

ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნების კონცერტზე
facebook.com/KvirikashviliOfficial

2016 წლის საპარლამენტო არჩევნების წინასწარი შედეგების მიხედვით, ქართული ოცნება 48.61%-ით ლიდერობს. პარტიამ უბნების 99.41% დათვლის შედეგად ჯამში 851 945 ხმა მიიღო. მეორე ადგილზე ერთიანი ნაციონალური მოძრაობა იმყოფება, პარტიამ 27.04% ანუ 473 896 ხმა მიიღო. 5%-იან საარჩევნო ბარიერთან ახლოსაა პატრიოტთა ალიანსი, მას 87 381 ხმით 4.99% აქვს მიღებული.

2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ 867 432 ხმა მიიღო, რაც ხმათა 39.68%-ს შეადგენდა. ქართულმა ოცნებამ კი 2012 წელს 1.18 მილიონი ხმა მიიღო. თუ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებს 8 ოქტომბერს ჩატარებულ არჩევნებს შევადარებთ დავინახავთ, რომ ოთხი წლის წინ ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ 16 ათასი ხმით მეტი მიიღო, ვიდრე წელს ქართულმა ოცნებამ. 

წელს ამომრჩეველთა 51.61%-იანი აქტივობა დაფიქსირდა, რაც 2012 წელთან შედარებით 10%-ით ნაკლებია. წინა არჩევნების შედეგები ორ პარტიას შორის მკვეთრად კონცენტრირებული იყო, მაშინ ქართული ოცნება და ნაციონალური მოძრაობა ხმების 93.7%-ს აგროვებდნენ. წელს კი ბარიერგადალახული პარტიები ხმების 75.6%-ს იღებენ.

იმის მიუხედავად, რომ ხმები სრულად დათვლილი არაა, მაინც შეიძლება ითქვას, რომ ენმ-მა 2012 წელს იმაზე მეტი ხმა მიიღო, ვიდრე წელს ქართულმა ოცნებამ, რადგანაც სულ დაახლოებით 10 ათასი ხმა არის დასათვლელი, არჩევნებს შორის ხმათა სხვაობა კი 16 ათასია.

კომენტარები