არჩევნები 2016

შსს: არჩევნების დღეს მარნეულში მომხდარ ინციდენტზე 6 პირი დავაკავეთ

რუსთავი 2

სამართალდამცველებმა მიმდინარე წლის 8 ოქტომბერს, მარნეულის რაიონის სოფელ ყიზილაჯლოში, 48-ე საარჩევნო უბანზე, საარჩევნო კომისიის მუშაობისთვის ხელის შეშლის და პოლიციელებისთვის წინააღმდეგობის გაწევის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ის 163-ე და 353-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულისთვის, რუსთავის საქალაქო სასამართლოს განჩინების საფუძველზე, 6 პირი: 1997 წელს დაბადებული რ.ზ., 1994 წელს დაბადებული მ.ნ., 1996 წელს დაბადებული ბ.მ., 1996 წელს დაბადებული ჰ.კ., 1992 წელს დაბადებული ვ.კ. და 1993 წელს დაბადებული ა.ნ. დააკავეს.

უწყების განცხადებით, "გამოძიებამ დაადგინა, რომ აღნიშნული პირები საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარი ინციდენტის დროს, განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩეოდნენ. ისინი მოქალაქეებს საარჩევნო უბანში შეჭრისა და საარჩევნო ყუთის გატაცებისკენ მოუწოდებდნენ, ხოლო ადგილზე წესრიგის დაცვის მიზნით მობილიზებულ სამართალდამცველებს ქვები დაუშინეს. დაპირისპირების შედეგად, რამდენიმე სამართალდამცველი, მათ შორის, ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე დაშავდა. თავდამსხმელებმა საარჩევნო ყუთის გატაცება ვერ შეძლეს. შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იქნა პოლიციის დამატებითი ძალები. სამართალდამცველების ჩარევის შედეგად, სიტუაცია განიმუხტა".

უწყების ინფორმაციით, შსს-ს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტი, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიებას საქართველოს სსკ-ის 162-ე პრიმა მუხლით აწარმოებს, რაც კენჭისყრის შენობაში, საარჩევნო კომისიის განთავსების ადგილას, ან მათ მიმდებარე ტერიტორიაზე, ძალადობას ან ძალადობის მუქარას გულისხმობს.

"სამართალდამცველები, ინციდენტში მონაწილე სხვა პირების დადგენა-დაკავების მიზნით, ინტენსიურ ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებებს აწარმოებენ", - ნათქვამია განცხადებაში.

ამასთან, ცნობილი ხდება, რომ 48-ე უბანზე მომხდარ ინციდენტში მონაწილე პირების მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას მოითხოვს.

მარნეულში პოლიციის შენობასთან ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები და დაკავებულების ახლობლები იმყოფებიან. ოჯახის წევრებისთვის ჯერ კიდევ უცნობია, სად არიან ბრალდებულები გადაყვანილი. მათი თქმით, პოლიცია მათ სახლებში გვიან ღამით შეიჭრა, რამდენიმე მათგანს ფიზიკურად გაუსწორდა და ასევე დააზიანა ნივთები.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მაჟორიტარი კანდიდატის, აკმამედ იმამკულიევის განცხადებით, ხელისუფლება მეორე ტურის წინ პარტიის მომხრეების დაშინებას ცდილობს.

ამასთან, ცნობილია, რომ მარნეულის საოლქო საარჩევნო კომისიამ მარნეულის #36-ე მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის #48-ე უბნის შედეგები ბათილად ცნო.

კომენტარები