თავდაცვის სამინისტრო

"კრაწანისში" მოკლულის მამა: გამოძიება ჩაატარონ, თუ არადა, ცხედარს ქუჩაში გავიტან

რუსთავი 2

სასწავლო ცენტრ კრწანისში მომხდარი ინციდენტის დროს მოკლულის ოჯახი საპროტესტო აქციების დაწყებას არ გამორიცხავს. ისინი გამოძიების ოფიციალურ ვერსიას არ ენდობიან და დამოუკიდებელი ექსპერტიზის ჩატარებას აპირებენ. დაღუპულის მამის თქმით, საგამოძიებო ორგანოები ცდილობენ, დანაშაული მის მეორე შვილს დააბრალონ.

რომან შენგელიას განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ გამოძიება ეფექტურად და სამართლიანად არ წარიმართება, ცხედარს ზუგდიდის ცენტრში გადაასვენებს და საპროტესტო აქციას დაიწყებს.

„აქ მისვენია ერთი, მეორის დასვენებას არ ვაპირებ, ამიტომ ვაკეთებ ამ განცხადებას - ველოდები ხვალ დილამდე. გამოძიება უნდა ჩაატარონ ისე, როგორც საჭიროა. ისე არა, როგორც თვითონ უნდათ. თუ არა და, მე დილით ავიყვან ჩემ ბავშვს, გავიყვან ქუჩაში", - აცხადებს რომან შენგელია და აღნიშნავს, რომ გამოძიება კვალის დაფარვას ცდილობს.

"4-ის ნახევარზე მოკლეს ბავშვი და რვის ოც წუთზე ნახეს გვამი. 100 მეტრში ეგდო, იქნებ რაღაცას შველოდნენ", - ამბობს დაღუპულის მამა.

თავდაცვის სამინისტროს ცნობით, კრწანისის საწვრთნელ ბაზაზე სამი უცნობი პირი კვირას დილით შეიჭრა. უწყების მტკიცებით, ისინი გუშაგის სიტყვიერ გაფრთხილებას არ დაემორჩილნენ და მას ცეცხლმაქრი ესროლეს. ამის შემდეგ, გუშაგმა გამაფრთხილებელი გასროლა მოახდინა.

"თავდამსხმელთა მიერ გუშაგის მიმართ აგრესია იყო მაღალი რისკის და საფრთხის მქონე, ამასთან, ისინი არ დაემორჩილნენ გუშაგის კანონიერ მოთხოვნას, მან იმოქმედა წესდების შესაბამისად და მათი მიმართულებით მოახდინა გასროლა, რის შემდეგაც თავდამსხმელებმა სამხედრო ობიექტზე შემოვლებული მავთულბადე გადალახეს და მიიმალნენ", - აცხადებს სამინისტრო და აღნიშნავს, რომ ტერიტორიის დათვალიერებისას, შემთხვევის ადგილიდან 97 მეტრში, აღმოაჩინეს 1993 წელს დაბადებული გიორგი შენგელიას ცხედარი.
 
თავდაცვის მინისტრის ლევან იზორიას შეფასებით, გუშაგი ნორმების დაცვით მოიქცა. მისივე თქმით, დაღუპულის ძმა კრწანისის საწვრთნელ ბაზაზე 15 სექტემბრამდე მსახურობდა და მის მიმართ გამოძიებას ნამდვილად აქვს გარკვეული კითხვები.
 
"გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, მიზანშეწონილი იქნება გამოკითხვის წარმოება ძმასთანაც, თუმცა მისი ადგილმდებარეობის დადგენა ამ ეტაპამდე შეუძლებელი გახდა. შესაბამისად, როდესაც მის ადგილმდებარეობას საგამოძიებო ორგანოები დაადგენენ, ეს გამოკითხვაც ჩატარდება", - განაცხადა იზორიამ ტელეკომპანია იმედის ეთერში.

კომენტარები