ბანკები

გვენეტაძე: TBC-ის და რესპუბლიკას გაერთიანება ბაზარზე კონკურენციას გაზრდის

კობა გვენეტაძე
ტაბულა

TBC ბანკმა ბანკ რესპუბლიკას აქციათა 100%-იანი პაკეტი უკვე სრულად გამოისყიდა. წლის ბოლომდე ბანკების გაერთიანების პროცესი უნდა დასრულდეს.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე ფიქრობს, რომ გარიგება საბანკო ბაზარზე კონკურენციას არ შეამცირებს და ის პირიქით, სექტორის ეფექტურობის ზრდას ხელს შეუწყობს.

"ვფიქრობ, რომ ეს გადაწყვეტილება სინერგიისა და ეფექტურობის ზრდის საფუძველზე ნამდვილად კარგი იქნება საბანკო სექტორისთვის და არამც და არამც არ იქნება კონკურენტულობის შემცირების საბაბი. მოგეხსენებათ, რომ თიბისი ბანკის აქციები ლონდონის საფონდო ბირჟის პრემიუმ ლისტინგშია განთავსებული, ეს ნიშნავს, რომ ამ ორგანიზაციას აქვს გამჭვირვალობის ძალიან მაღალი სტანდარტები, ეს არის იმის საშუალება, რომ ამ ბანკმა მოიზიდოს უფრო იაფი კაპიტალი და ვფიქრობ, საბოლოოდ ეს არათუ შეამცირებს, არამედ კიდევ უფრო მეტად გაზრდის კონკურენციას ბაზარზე, რაც საბოლოოდ უკვე საპროცენტო განაკვეთების შემცირებაში უნდა აისახოს", - ამბობს გვენეტაძე.

TBC ბანკი რესპუბლიკა და პროგრეს ბანკების შესყიდვით საქართველოს უმსხვილესი ბანკი გახდა. TBC ქვეყანაში არსებული სასესხო პორტფელის 28%, სასესხო პორტფელის კი 29%-ს ფლობს. გარიგების ღირებულებამ 315 მილიონი ლარი შეადგინა. 

TBC-იმ ბოლო შენაძენი 25 ოქტომბერს განახორციელა, მან სადაზღვევო კომპანია კოპენბურის 100%-იანი წილი შეიძინა. TBC-ის ცნობით, გარიგების ღირებულებამ $1.4 მილიონი შეადგინა. ბანკის განცხადებაში ნათქვამია, რომ ახალი კომპანიის შესყიდვით, TBC-ის პროდუქტების პორტფელი გაიზრდება.
 
TBC ჯგუფი ქვეყანაში ერთ-ერთ ყველაზე დიდ ინფრასტრუქტურულ პროექტს ახორციელებს, ეს ანაკლიის პორტია. პორტის პირველი ეტაპის დასრულება 2020 წლისთვის იგეგმება.
 
TBC ჯგუფის აქციები ლონდონის საფონდო ბირჟაზე ივაჭრება. აგვისტოში თიბისიმ ლონდონის საფონდო ბირჟის პრემიუმ ლისტინგში გადაინაცვლა. დღეის მდგომარეობით, კომპანიის ერთი აქციის ღირებულება 13 გირვანქა სტერლინგს შეადგენს, რაც გასული კვირის მაჩვენებელს 3%-ით აღემატება. ბირჟაზე ყოველდღიურად თიბისი ბანკის დაახლოებით 152 ათას აქციით ვაჭრობენ.

კომენტარები