არჩევნები 2016

საია: კანდიდატის განსაზღვრული ფორმით შემოხაზვის მოთხოვნა კანონმდებლობის დარღვევაა

0 კომენტარი
საია ფოტო: gyla.ge

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია არჩევნების მეორე ტურების მსვლელობასთან დაკავშირებით პირველ განცხადებას ავრცელებს. საიას ცნობით, დილის 10 საათისთვის კენჭისყრა ძირითადად მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს, თუმცა დაფიქსირდა გარკვეული დარღვევებიც.

"დილის 10 საათისთვის კენჭისყრის პროცესი მიმდინარეობს ძირითადად მშვიდ ვითარებაში. იმ საარჩევნო უბნების უმრავლესობა, სადაც საია აკვირდებოდა გახსნის პროცედურებს, დროულად იყო მზად პირველი ამომრჩევლის მისაღებად. აღნიშნული უბნების უმრავლესობა აღჭურვილი იყო შესაბამისი საარჩევნო მასალებით. დაფიქსირდა პრობლემები ძირითადად წილისყრის პროცედურებთან, სადამკვირვებლო ორგანიზაციების წარმომადგენელთა მიმართ არსათანადო ქცევასთან დაკავშირებით, კომისიის წევრის მოვალეობის არაჯეროვანი შესრულების რამდენიმე ფაქტი. რამდენიმე დარღვევა საიას დამკვირვებლის მითითების ან ზემდგომი საარჩევნო კომისიის მითითების შედეგად აღმოიფხვრა", - ნათქვამია განცხადებაში

საია-ს ინფორმაციით, საბავშვო ბაღის აღმზრდელებს, სკოლების პედაგოგებს, სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებული ორგანიზაციების თანამშრომლებს და საჯარო მოხელეებს მისცეს მითითება, რომ ქართული ოცნების კანდიდატის ნომერი ოთხკუთხედად შემოხაზონ და ფოტო გადაუღონ. საია განცხადებაში აღნიშნავს, რომ ნებისმიერი ზემოქმედება, რომელიც ზღუდავს ამომრჩევლის თავისუფალი ნების გამოვლენას, საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევაა.

"გუშინ, 29 ოქტომბერს ჩვენი ორგანიზაციის წარმომადგენლებისათვის ცნობილი გახდა, რომ თბილისსა და რეგიონებში საბავშვო ბაღის აღმზრდელებს, სკოლების პედაგოგებს, სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებული ორგანიზაციების თანამშრომლებს და საჯარო მოხელეებს მისცეს მითითება, რომ კენჭისყრის დღეს უბანში მისვლისას და მათ მიერ არჩევანის გაკეთებისას ბიულეტენში არჩევანი განსხვავებული ფორმით დააფიქსირონ. კერძოდ, საარჩევნო სუბიექტის ქართული ოცნების კანდიდატის ნომერი შემოხაზონ ოთხკუთხედი ფორმით და პარალელურად განახორციელონ მათ მიერ დაფიქსირებული არჩევანის ფოტო გადაღება. აღსანიშნავია, რომ გუშინ, 29 ოქტომბერს პოლიტიკურმა გაერთიანებამ ქართულმა ოცნებამ განცხადება გაავრცელა და უარყო მსგავსი მითითების გაცემა.
კიდევ ერთხელ განვმარტავთ, რომ იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული ფაქტი შეესაბამება რეალობას, საქმე გვექნება საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევასთან. კერძოდ, საარჩევნო კოდექსით აკრძალულია: ნებისმიერი ზემოქმედება, რომელიც ზღუდავს ამომრჩევლის ნების თავისუფალ გამოვლენას და კონტროლი ამომრჩევლის ნების გამოვლენაზე; აკრძალულია ფოტოვიდეოგადაღება კენჭისყრის კაბინაში", - ნათქვამია განცხადებაში.

საია საარჩევნო სუბიექტებსა და სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებს მუწოდებს, რომ არ დაუშვან ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება და ნებისმიერი ზემოქმედება, რომელიც აღქმული იქნება, როგორც კონტროლი ამომრჩევლის ნებაზე. ასევე, საია ამომრჩეველს მოუწოდებს, რომ არჩევანის დაფიქსირებისას ნება თავისუფლად გამოავლინონ და არ დაარღვიონ საარჩევნო კანონმდებლობა კაბინაში ფოტო-ვიდეო გადაღების წარმოებით. ზეწოლისა და სამსახურიდან დათხოვნის მუქარის შემთხვევაში, ამომრჩეველს შეუძლია მიმართოს საიას თბილისისა და რეგიონულ ოფისებში: ბათუმში, ქუთაისში, გორში, დუშეთში, რუსთავში, თელავში, ზუგდიდსა და ოზურგეთში.

ამ დროისთვის საარჩევნო დარღვევებზე საიას დამკვირვებლებმა 17 საჩივარი დაწერეს და 5 შენიშვნა დააფიქსირეს ჩანაწერთა წიგნში.

 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

"იარაღის მუქარით ტელეფონები და ფული წაართვა" - სენაკში ყაჩაღობისთვის 63 წლის კაცი დააკავეს

კომენტარები