არჩევნები 2016

პრეზიდენტი: პოლიტიკური მოღვაწეობა არჩევნებით კი არ მთავრდება, იწყება

პრეზიდენტის ადმინისტრაცია

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საპარლამენტო არჩევნები შეაჯამა. პრეზიდენტმა მიულოცა პოლიტიკოსებს პარლამენტში მოხვედრა და წარმატებები უსურვა. მარგველაშვილმა საზოგადოებას ხელისუფლების კონტროლისკენ მოუწოდა.

"საქართველოში შედგა 2016 წლის ოქტომბრის არჩევნები. პირველ რიგში, მინდა, მადლობა ვუთხრა ქართულ საზოგადოებას, რომლის აქტიურობის შედეგადაც ქართული დემოკრატიის ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნა გადადგმული. მინდა აღვნიშნო საერთაშორისო და ადგილობრივი სადამკვირვებლო მისიების როლი - თქვენი მოღვაწეობის შედეგად ჩვენ აღმოვაჩინეთ ხარვეზები, რომელთა აღმოფხვრაც და გათვალისწინებაც ძალიან მნიშვნელოვანია მზარდი ქართული დემოკრატიისათვის. მინდა, მადლობა ვუთხრა მედიას - თქვენი აქტიურობით შესაძლებელი გახდა ამომრჩევლისთვის ფაქტობრივად ყველა პოლიტიკური ძალის პროგრამის შეხედულებათა გაცნობა და ამომრჩეველმა აქედან გამომდინარე გააკეთა თავისი არჩევანი. მინდა, მივულოცო პარლამენტში მოხვედრილ პოლიტიკურ ძალებს ის, რომ ისინი გახდნენ პარლამენტის წევრები და ვუსურვო მათ წარმატებული მოღვაწეობა. მრავალპარტიული პარლამენტი არ შედგა და გარკვეულწილად ეს იყო საზოგადოების დაკვეთა. თუმცა, ამავე დროს, მინდა შევახსენო საზოგადოებას, რომ პოლიტიკური მოღვაწეობა არჩევნებით კი არ მთავრდება, არამედ იწყება. შესაბამისად, მოგიწოდებთ ყველას, იყოთ ჩართულები დისკუსიებში, ხელისუფლების კონტროლში და აქტიურ პოლიტიკურ დიალოგში", - თქვა მარგველაშვილმა.

კომენტარები