საქართველოს ეკონომიკა

ენმ: იმის ნაცვლად, რომ გაზრდილიყო ჩვენი კეთილდღეობა, მოხდა პირიქით - გავღარიბდით

ტაბულა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრის ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებით, "სექტემბერში ეკონომიკის სავალალო 1.5%-იანი ზრდა მეტყველებს, რომ ქართული ოცნების მმართველობის პერიოდში საუბარი სწრაფ განვითარებაზე ისეთივე ტყუილია, როგორც ივანიშვილის "100 ქარხანა" და "5-თეთრიანი ელექტროენერგია". ის აღნიშნავს, რომ საპარლამენტო არჩევნების წინ ეროვნული ბანკი ხელოვნურად აჩერებდა ლარის გაუფასურებას.

"რათა შეექმნა ილუზია, თითქოს ივანიშვილის რეჟიმის პირობებში ეკონომიკური მდგომარეობის გაჯანსაღება შესაძლებელია. ვხედავთ, რომ ეს შეუძლებელია, არადა, ეროვნულმა ბანკმა ივანიშვილის საამებლად სავალუტო რეზერვებიდან სექტემბერ-ოქტომბერში 180 მლნ ლარი გაფლანგა და გრძელვადიანად კიდევ უფრო მაღალი რისკების წინაშე დაგვაყენა. საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტები, ადგილობრივი ექსპერტები, ჩვენ - პოლიტიკური ოპოზიცია, ყველა ვამბობთ ერთსა და იმავეს: მთავრობამ უნდა შეწყვიტოს დეფიციტური ხარჯვა, შეელიოს პრემიებს, დანამატებს, გაბერილ სამივლინებო ხარჯებს და შეამციროს ბიუროკრატიული ხარჯი; სხვაგვარად მდგომარეობა არათუ გამოსწორდება, კიდევ უფრო დამძიმდება", - ამბობს ჭიაბერაშვილი და აღნიშნავს, რომ მთავრობა არ აღიარებს პრობლემას, არ ცვლის საბიუჯეტო პოლიტიკას და იღებს ვალებს.

"აშკარაა, რომ ყველა რჩევის საპირისპიროდ, ივანიშვილის მთავრობა ვერ ელევა გაბერილ ბიუროკრატიულ ხარჯს, უყაირათოდ ხარჯავს ბიუჯეტს და წარმოქმნილი დეფიციტის ჩაქრობას ვალების აღებით ცდილობს. ქვეყნის საშინაო და საგარეო ვალი ეკონომიკის 42%-ია. ასეთი მაჩვენებელი საქართველოს 2003 წელს ჰქონდა. ბოლო 4 წლის განმავლობაში საშინაო და საგარეო ვალი 5 მლრდ ლარით გაიზარდა. ქართული ოცნების მიერ პარლამენტში წარდგენილი ბიუჯეტის პროექტი 2017 წლისთვის სიგნალია, რომ მთავრობა არაფრის შეცვლას თავის მავნებლურ ეკონომიკურ პოლიტიკაში არ აპირებს, რაც ბიზნესის განწყობაზე უარყოფითად აისახება და, შესაბამისად, მოქმედებს ლარზე. იმავდროულად, ძალადობრივ გარემოში მოსყიდვებითა და დაშინებებით ჩატარებული არათავისუფალი არჩევნების შედეგად ივანიშვილი ახდენს ძალაუფლების სრულ კონცენტრაციას მის ხელში, რაც კიდევ უფრო დაბლა სწევს საქართველოს მიმზიდველობას ინვესტორთა თვალში. ეს აჩერებს ქვეყანაში ინვესტიციების შემოდინებას, რაც ლარის გაუფასურების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია. როგორ გავღარიბდით, ეს მკაფიოდ ჩანს, ქვეყნის საგარეო ვაჭრობის მაჩვენებლებს თუ შევხედავთ. დავედით 2011 წლის დონეზე. იმის ნაცვლად, რომ გაზრდილიყო ჩვენი კეთილდღეობა, მოხდა პირიქით - გავღარიბდით, შემცირდა ჩვენი მსყიდველუნარიანობა, მოვიხმართ უფრო ნაკლებს", - თქვა ჭიაბერაშვილმა.

საქართველოს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი მთავრობის მიერ ბიუჯეტით დაგეგმილ 3%-ზე დაბალია. სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა 31 ოქტომბერს ეკონომიკური ზრდის წინასწარი მონაცემები გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც სექტემბერში საქართველოს ეკონომიკა 1.5%-ით გაიზარდა, იანვარ-სექტემბერში კი ზრდამ 2.6% შეადგინა. 

ამასთან, გრძელდება ლარის გაუფასურება. ოფიციალური კურსით ერთი დოლარი 2.419 ლარი ღირს, ხოლო ერთი ევრო - 2.68. კომერციულ ბანკებსა და ჯიხურებში კი, დოლარის ფასი 2.46-2.48 ლარია, ხოლო ევროსი - 2.75-2.78.

 

კომენტარები