შიდა ვალი

გენერალური აუდიტორი შიდა ვალზე: მთავრობა ვალის ლიმიტებს აჭარბებს

გენერალური აუდიტორი ლაშა თორდია
ტაბულა

საქართველოს გენერალური აუდიტორის ლაშა თორდიას თქმით, მთავრობა ხშირ შემთხვევებში ვალის აღებით არღვევს თავის მიერვე დადგენილ ლიმიტებს. 2016 წლის ბიუჯეტის მიხედვით, მთავრობას შიდა ვალის სახით 200 მილიონი ლარი უნდა აეღო, თუმცა 4 ნოემბრის მდგომარეობით, ვალის მოცულობა უკვე 335 მილიონ ლარს აღწევს. აუდიტის სამსახურის უფროსი ლაშა თორდია მთავრობას მოუწოდებს, ვალის მოცულობის ზრდისას ქვეყანაში არსებული ეკონომიკური ვითარება გაითვალისწინოს.

"შეგიძლიათ ნახოთ გასული წლების მანძილზე ჩვენი ანგარიშები, სადაც ჩვენ ყოველთვის პრობლემატურ საკითხად ვაყენებთ ვალთან დაკავშირებულ პროცესებს. ვინაიდან არის მთავრობის მიერ დადგენილი სამოქმედო გეგმები, რომლის ზღვრულ ოდენობებსაც ხშირ შემთხვევაში უკვე აჭარბებს ვალის მოცულობები. ამიტომ ამ ნაწილში ჩვენ ყოველთვის რეკომენდაციებით მივმართავთ პარლამენტსა და მთავრობას, რათა მათ მოახდინონ და მიიღონ შესაბამისი გადაწყვეტილებები, რათა აღნიშნული დადგენილებები და ზღვრები არ იყოს დარღვეული. და ამასთანავე გაითვალისწინონ ქვეყანაში არსებული ეკონომიკური გარემოებები იმისათვის, რომ თანხვედრაში იყოს პროცესები მათ მიერ დაგეგმილ გრძელვადიან მიზნებთან", - ამბობს ლაშა თორდია.

2016 წლის ბიუჯეტის მიხედვით, დაგეგმილია ახალი შიდა ვალის (სახაზინო ვალდებულებებისა და სახაზინო ობლიგაციების გამოშვება) 938 მილიონი ლარის ოდენობით და წარსულში აღებული შიდა ვალის დაფარვა 738 მილიონი ლარის ოდენობით. შესაბამისად, 2016 წელს შიდა ვალის ზრდა 200 მილიონით არის დაგეგმილი, თუმცა დღეის მდგომარეობით, შიდა ვალის ზრდა 200 მილიონ ლარს აჭარბებს და 335 მილიონ ლარს შეადგენს.

კომენტარები