შიდა ვალი

მთავრობას შიდა ვალის აღება გაუიაფდა

ტაბულა

მთავრობას კომერციული ბანკებისგან შიდა ვალის აღება გაუიაფდა. დღეს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებათა აუქციონზე ერთწლიანი ვადიანობის 45 მილიონი ლარის ღირებულების ფასიანი ქაღალდები გაიყიდა, მათმა საპროცენტო განაკვეთმა 6.13% შეადგინა, რამდენიმე თვის წინ კი ეს განაკვეთი 11%-ს აჭარბებდა. დღევანდელ აუქციონში მონაწილეობა ცხრა კომერციულმა ბანკმა მიიღო, მათმა საერთო მოთხოვნამ 129 მილიონს გადააჭარბა.

საქართველოს მთავრობას წელს 200 მილიონი ლარის მოცულობის შიდა ვალის აღება აქვს დაგეგმილი. მთავრობა ამ ვალს 1, 2, 5 და 10-წლიანი ფასიანი ქაღალდების გამოშვებით იღებს. ლარის გაუფასურების, გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკისა და გაზრდილი ინფლაციური მოლოდინების გამო შიდა ვალის აღება გასული წლის ბოლოს გაძვირდა. 2016 წლის იანვარში ერთწლიანი ვადიანობის ფასიან ქაღალდებზე განაკვეთი 11.8%-ს შეადგენდა, ამავე პერიოდში 13.2% იყო ორწლიანი, 14.7% ხუთწლიანი და 15.5% ათწლიანი ფასიანი ქაღალდების განაკვეთი. 

გაზაფხულზე კი ლარის გამყარების, მონეტარული პოლიტიკის შერბილებისა და დაბალი ინფლაციის გამო მთავრობას შიდა ვალის აღება ისევ გაუიაფდა. ივნისში ერთწლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდების განაკეთი უკვე 7.2%-მდე შემცირდა, აგვისტოში კი 6.1% გახდა. იმის მიუხედავად, რომ ახლა ლარი გაზაფხულთან შედარებით უფრო გაუფასურებულია, საპროცენტო განაკვეთის შემცირება სავარაუდოდ დაბალმა ინფლაციის მაჩვენებელმა და მონეტარული პოლიტიკის შერბილებამ გამოიწვია.

შიდა ვალი სამთავრობო ხარჯების დაფინანსების მნიშვნელოვან წყაროდ ქართული ოცნების ხელისუფლებაში ყოფნის დროს იქცა. მთავრობამ მაქსიმალური 570 - 570 მილიონის მოცულობის შიდა ვალი 2014-2015 წლებში აიღო. 2016 წელს კი შიდა ვალის მოცულობა 200 მილიონ ლარამდე შემცირდა, რაც სავარაუდოდ გასული წლის ბოლოს გაზრდილმა საპროცენტო განაკვეთებმა გამოიწვია. 

წლების მიხედვით შიდა ვალის მოცულობა ასე გამოიყურება:

  • 2010 წელი - 172 მილიონი ლარი
  • 2011 წელი - 91 მილიონი ლარი
  • 2012 წელი - 58 მილიონი ლარი
  • 2013 წელი - 150 მილიონი ლარი
  • 2014 წელი - 573 მილიონი ლარი
  • 2015 წელი - 572 მილიონი ლარი
  • 2016 წელი - 200 მილიონი (გეგმა)

წლების მიხედვით სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების განაკვეთები ასე გამოიყურება:


ფოტო: mof.ge


ფოტო: mof.ge

კომენტარები