ელექტრომობილი

თბილისში ელექტრომობილების დასამუხტი ორი უფასო სადგური გაიხსნა

facebook.com/CityHallofTbilisi

თბილისში, ევროპის მოედანსა და კუს ტბის ასახვევთან, ელექტრომობილების დამტენი პირველი სადგურები გაიხსნა. ახალი სადგურები კომპანია E –Space-მა დაამონტაჟა და მათზე საწყის ეტაპზე ელექტრომობილების დატენვა უფასო იქნება. 

თბილისის მერის მოადგილის ირაკლი ლექვინაძის თქმით, დედაქალაქის მერიამ, ენერგოეფექტური პროექტების განხორციელების წახალისებისთვის, ელექტრომობილების დასამუხტი სადგურების განთავსებისთვის ევროპის მოედანსა და კუს ტბის ასახვევთან ტერიტორია კომპანია “E –Space”-სს უსასყიდლოდ გადასცა. მისივე თქმით, თბილისის მერია დასამუხტი სადგურებისთვის დენის მიწოდების ხარჯებს საკუთარ თავზე აიღებს. ლექვინაძის თქმით, თბილისის მთავრობა კომპანია "სითი პარკთან"-აც აწარმოებს მოლაპარაკებებს, რათა ქალაქში ელექტრომობილებისთვის პარკირება უფასო გახდეს. 

"თბილისში, ორ ლოკაციაზე გაიხსნა ელექტრომობილებისთვის დასამუხტი სადგურები, სადაც ელექტრომობილების მფლობელები მანქანის დამუხტვას უსასყიდლოდ შეძლებენ. თბილისის მერია მხარს უჭერს ამ პროექტს, რომელიც კერძო კომპანიის ინიციატივით განხორციელდა. ჩვენ მივესალმებით მსგავსი ტიპის ინიციატივებს ყველა საინიციატივო ჯგუფის მხრიდან, რადგანაც თბილისის მომავალი ეს არის უკეთესი გარემო და უკეთესი გარემოს მიღწევის კუთხით ჩვენ ყველანაირ მასტიმულირებელ მექანიზმს დავუჭერთ მხარს. გარდა ამისა, მომავალში თბილისის მერია ასევე იფიქრებს საკუთარი ავტოპარკის ელექტრომობილებით აქტიურ ჩანაცვლებაზე,“ - განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.

ქვეყნის მასშტაბით, ამ დროისთვის სულ 50-მდე ელექტრომობილი დადის. საქართველო იმ ქვეყნების სიაში შედის, სადაც ელექტრომობილების იმპორტი გადასახადებისგან თავისუფალია. 2017 წლის ბოლომდე, საქართველოში ელექტრომობილების დამტენი სადგურების რაოდენობის გაზრდა 100-მდე იგეგმება. ეტაპობრივად, სადგურები ავტობანსა და რამდენიმე რეგიონშიც განთავსდება.

კომენტარები