დიასპორის სამინისტრო საგარეო უწყებას შეუერთდება

ტაბულა

იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ცოტა ხნის წინ გავრცელებული ინფორმაცია დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის გაუქმებასთან დაკავშირებით დაადასტურა. ამის შესახებ წულუკიანმა დღეს გამართული მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

"მრავალი წლის განმავლობაში ვცხოვრობდი, ვსწავლობდი, ვმუშაობდი საქართველოს ფარგლებს გარეთ. ვიყავი ქართული დიასპორის ნაწილი, აქედან გამომდინარე, როგორც ამ დიასპორის ყოფილი წევრი, მნიშვნელოვნად ვთვლი, რომ მთავრობის პრიორიტეტად დარჩეს დიასპორის თემებზე მუშაობა და ეს უბრალოდ თემა კი არ იყოს, არამედ პრიორიტეტი, როგორც ეს აქამდე იყო. როგორც პრემიერმა დაადასტურა, ეს თემა არ გაქრება ჩვენი მთავრობის პრიორიტეტების ნუსხიდან და საგარეო საქმეთა სამინისტრო ჩაუდგება ამ საკითხის მართვას სათავეში, როგორც ეს მთავრობის მეთაურმა განაცხადა", - ამბობს წულუკიანი. 

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია კი მთავრობას მოუწოდებს, რომ ნაჩქარევად არ გააუქმოს დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი, რადგან ეს საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველი მოქალაქეებისთვის უარყოფითი გზავნილი იქება. საია-ს შეფასებით, უწყების გაუქმება "შეიძლება შთაბეჭდილებას ქმნიდეს, რომ დიასპორა თითქოსდა აღარ წარმოადგენს განსაკუთრებული მნიშვნელობის სახელმწიფოებრივ ამოცანას".

დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი 2008 წელს შეიქმნა. მისი მიზანი საქართველოს ფარგლებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეებთან ურთიერთობის გაღრმავება, საქართველოს სახელმწიფოსა და ქართულ დიასპორას შორის ურთიერთობის ხელშეწყობა და ქართული დიასპორული ორგანიზაციების საქმიანობის მხარდაჭერა იყო. ბოლო მინისტრი გელა დუმბაძეა.

კომენტარები