დაპირისპირება ბრაზილიაში

ბრაზილიის პრეზიდენტის მოწინააღმდეგეებმა კონგრესში შეჭრით, სესია ჩაშალეს

Adriano Machado / Reuters

ბრაზილიის კონგრესის სხდომაზე სამხედრო გადატრიალების და ხელისუფლების ცვლილების მოთხოვნით დემონსტრანტები შეიჭრნენ. 40-მდე ხელისუფლების წინააღმდეგ ამბოხებულმა გაარღვია დაცვის პუნქტი, რის შემდეგაც შესასვლელი კარი გატეხა და დარბაზში შეიჭრა. ამბოხებულებმა კონგრესის სესიის გახსნა ჩაშალეს.

კონგრესის ტრიბუნაზე ასვლის შემდეგ, დემონსტრანტები ბრაზილიის პრეზიდენტ მიშელ ტემერის მემარჯვენე-ცენტრისტული ხელისუფლების წინააღმდეგ სლოგანებს ყვიროდნენ და "გენერალი უნდა იყოს აქ"-ს სკანდირებდნენ.

პრეზიდენტ მიშელ ტემერის პრესსპიკერის, ალეხანდრე პაროლას შეფასებით, ეს აქტი ნორმებისა და პოლიტიკური თანაარსებობის წესების უხეში დარღვევა იყო.

"ის რაც დღეს მოხდა, არის მიუღებელი და მის წინააღმდეგ აუცილებლად კანონის ძალით ვიბრძოლებთ", - აღნიშნა ალეხანდრე პაროლამ.

ცნობისთვის, ბრაზილიას სამხედრო ხელისუფლება 1964-1985 წლებში მართავდა. გამოკითხვების თანახმად, მოსახლეობის მცირე ნაწილი სამხედრო მმართველობას ახლაც უჭერს მხარს.

კომენტარები