საქართველოს პარლამენტი

იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ პატრიოტთა ალიანსის დეპუტატი აირჩიეს

ტაბულა

პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ პატრიოტთა ალიანსის დეპუტატი ნატო ჩხეიძე აირჩიეს, ენმ-ის წევრ ოთარ კახიძეს კი, უარი უთხრეს. ტაბულას კორესპონდენტის ცნობით, ჩხეიძეს მხარი რვა დეპუტატმა დაუჭირა, ხოლო კახიძეს - ოთხმა. აღსანიშნავია, რომ ენმ-ის წევრს ხმა მხოლოდ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრებმა მისცეს, პატრიოტთა ალიანსის კანდიდატის მხარდამჭერი კი, რვავე ქართული ოცნების დეპუტატი იყო.

ფრაქციის - "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - საქართველოს წინსვლისთვის" - თავმჯდომარის ელენე ხოშტარიას თქმით, განხილვისას, პატრიოტთა ალიანსის კანდიდატს ხედვის შესახებ დაუსვეს კითხვა.

"მან განაცხადა, რომ დებულებაში რაც წერია, ახალს ვერაფერს დაამატებს. ოთომ დეტალურად ჩამოთვალა სასამართლო რეფორმის, მოსმენების პრობლემის და სხვა მნიშვნელოვანი მიმართულება. ცხადია, პატრიოტთა ალიანსი აირჩიეს", - წერს ხოშტარია Facebook-ში.

ტელეკომპანია "იბერიის" მფლობელი კომპანიის 30%-იანი წილის მეპატრონე ნატო ჩხეიძე პატრიოტთა ალიანსის სიის მესამე ნომერია.

ცნობისთვის, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარედ ეკა ბესელია პარლამენტის პირველ სხდომაზე აირჩიეს.

კომენტარები