საზოგადოებრივი მაუწყებელი

ბარათაშვილი: გადავდექი, ჩემი საქმე გავაკეთე და GPB-საც ახალი სისხლი სჭირდება

გიორგი ბარათაშვილი
Media.ge / Media.ge

საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორი გიორგი ბარათაშვილი თანამდებობიდან გადადგა. მან პოსტის დატოვების შესახებ განცხადებით მაუწყებლის კანცელარიას დღეს მიმართა. ბარათაშვილი წასვლის მიზეზად სამომავლო გეგმებს ასახელებს.

"დღეს უკვე შევიტანე განცხადება კანცელარიაში და ბორდს მივმართე გადადგომის შესახებ. რა არის ამის მიზეზი - არის სიახლე, რომლის შესახებაც ცოტა ხანში ვიტყვი. დღეიდან უკვე გადამდგარი ვარ. ამ გადმოსახედიდან, ვთვლი, რომ ჩემი საქმე გავაკეთე და საზოგადოებრივ მაუწყებელსაც სჭირდება ახალი სისხლი, რომ ყველაფერი უკეთესად გაგრძელდეს. არანაირი პოლიტიკური მიზეზი არ მაქვს. ამ ოთხი წლის განმავლობაში, რაც აქ ვარ, ყველამ კარგად იცის, რომ ეს მაუწყებელი პოლიტიკური კონიუნქტურისგან არის თავისუფალი. ეს არის ჩემი პირადი გადაწყვეტილება და უკავშირდება ჩემს გეგმებს", - თქვა ბარათაშვილმა მოამბესთან საუბრისას.

საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი დირექტორის არჩევამდე, სამეურვეო საბჭომ მოვალეობის შემსრულებელი უნდა დანიშნოს და ათი დღის ვადაში გამოაცხადოს კონკურსი. განცხადებების მიღება 30 დღის განმავლობაში გაგრძელდება, რის შემდეგაც, 7 დღეში, სამეურვეო საბჭო ახალ დირექტორს აირჩევს.

გიორგი ბარათაშვილი საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურ დირექტორად 2012 წლის 28 დეკემბერს დაინიშნა. მას უფლებამოსილების ვადა 2018 წელს ეწურებოდა.

2013 წელს ბარათაშვილი სამეთვალყურეო საბჭომ გენერალური დირექტორის პოსტიდან ორჯერ გადააყენა. ორივეჯერ ის სასამართლომ თანამდებობაზე აღადგინა.

კომენტარები