ქალთა უფლებები

წულუკიანი: ქალთა გენიტალიების დამახინჯება სპეციალური მუხლით დაისჯება

იუსტიციის სამინისტრო

იუსტიციის მინისტრობის კანდიდატის თეა წულუკიანის განცხადებით, ქალების ე.წ. წინადაცვეთა სპეციალური მუხლით დაისჯება. ამის შესახებ წულუკიანმა მე-9 მოწვევის პარლამენტის სამი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე ისაუბრა.

„სტამბულის კონვენციას მალე წარმოგიდგენთ რატიფიკაციისათვის, რომელიც თქვენ ყველამ იცით − ეს არის ძალიან სქელი საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი. 20-მდე კანონი შეიცვლება და არსებული რეალობიდან გამომდინარე, რამდენიმე დღის წინ, ჩვენ მასში ჩავამატეთ ქალების გენიტალიების დამახინჯების მუხლი, რომელიც კრიმინალიზებული უნდა იყოს სწორედ სპეციალური მუხლით", − განაცხადა თეა წულუკიანმა.

საქართველოში გოგონათა წინადაცვეთის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტმა (IWPR) გაავრცელა. ორგანიზაციის ჟურნალისტური გამოძიების მიხედვით, ყვარლის რაიონის სამ სოფელში: თივში, სარუსოსა და ჩანთლისყურში მცხოვრები ავარიელების ეთნიკურ ჯგუფში გოგონების წინადაცვეთის პრაქტიკა საკმაოდ გავრცელებულია.

ამის შემდეგ, საქართველოში ქალის გენიტალიების სავარაუდო დასახიჩრების შემთხვევების შესწავლა ომბუდსმენის აპარატმა დაიწყო. ადგილობრივი მოსახლეობის ცნობით, გოგონების წინადაცვეთის (ე.წ. „ნათლობის") დროს, „ხდება ქალის სასქესო ორგანოს, კლიტორის მცირე ნაწილის მოკვეთა ან ჩაჭრა, სახლის პირობებში". ამავე ინფორმაციით, ქალის გენიტალიების დასახიჩრების პრაქტიკა მუნიციპალიტეტის ერთ სოფელში სავარაუდოდ სრულადაა გავრცელებული, ორ სოფელში კი, მას მხოლოდ რამდენიმე ოჯახი მისდევს.

სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ „ქალის გენიტალიების დასახიჩრება უფლებადარღვევის უკიდურესი ფორმაა, რომელიც არღვევს ქალის ჯანმრთელობის, უსაფრთხოების, ფიზიკური ხელშეუხებლობისა და წამების აკრძალვის უფლებებს". ამგვარი პრაქტიკის მიზანი ძირითადად ქალისა და მის სხეულის კონტროლია. სახლის პირობებში მსგავსი მანიპულაციის ჩატარებამ კი, შესაძლოა, მრავალი გართულება გამოიწვიოს.

კომენტარები