პრემიერი: ნამდვილად სამწუხაროა, რომ დონორებისგან დაფინანსება ვერ მივიღეთ

ტაბულა

პრემიერმა საპარლამენტო უმცირესობის სხდომაზე განაცხადა, რომ მთავრობა პასუხისმგებლობას გრძნობს იმ დაფინანსებაზე, რომელიც საქართველომ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიდან ვერ მიიღო. 2016 წლის ბიუჯეტის პროექტით დაგეგმილი იყო დონორებისგან ბიუჯეტის მხარდამჭერი კრედიტების სახით $164 მილიონის, ბიუჯეტის მხარდამჭერი გრანტების სახით კი $52 მილიონის მიღება, თუმცა ამ თანხის მხოლოდ 1.5%-ია ჩარიცხული. გიორგი კვირიკაშვილის თქმით, ამის მიზეზი სავალუტო ფონდთან გაუარესებული ურთიერთობაა, რის გამოც დონორები საქართველოს დახმარებას არ აძლევენ. 

"ჩვენ ვერ მივიღეთ დაფინანსება საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მხრიდან, დიახ, გიდასტურებთ ამას, ნამდვილად სამწუხაროა, რომ ვერ მივიღეთ დაფინანსება. ამ ნაწილში, რა თქმა უნდა, ვგრძნობთ ამ პასუხისმგებლობას და ის, რომ სავალუტო ფონდთან გაიჭიმა ის მოლაპარაკებები, რომლებსაც ჩვენ დღეს ვაწარმოებთ და რომელიც ამ ბოლო პერიოდში უკვე პოზიტიურია და ვფიქრობთ, რომ დადებითად მოხდება შეთანხმება მომავალ მაჩვენებლებთან და აღდგება სავალუტო ფონდთან ის ნორმალური ურთიერთობა, რომელიც მნიშვნელოვანია საერთაშორისო ინსტიტუციებიდან დაფინანსების მოზიდვისათვის, ამ მიმართულებით ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ", - ამბობს კვირიკაშვილი.

სახელმწიფო ხაზინის მიერ გამოქვეყნებული ბიუჯეტის შესრულების ანგარიშიდან ირკვევა, რომ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიდან მისაღები ბიუჯეტის მხარდამჭერი გრანტების/კრედიტების მხოლოდ 1.5%-ია მიღებული. ამ თანხების ჩარიცხვის შემთხვევაში, სავარაუდოდ, ლარი ასე გაუფასურებული არ იქნებოდა. 

0%-ზეა ბიუჯეტის დამხმარე კრედიტების შესრულება, საიდანაც წელს საქართველოს $164 მილიონი უნდა მიეღო. ბიუჯეტის დამხმარე გრანტების სახით ქვეყანას $52 მილიონი უნდა მიეღო, ამ თანხის მხოლოდ 6.2%-ია ჩარიცხული. საერთო ჯამში, ბიუჯეტის მხარდამჭერი გრანტების/კრედიტების მხოლოდ 1.5%-ია მიღებული. 

ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც სავალუტო ფონდთან საქართველოს ურთიერთობა გაუარესდა, საქართველოს მიერ საბანკო ზედამხედველობის სისტემის ახალი კანონის მიღება გახდა, რის შედეგადაც ეროვნულმა ბანკმა საბანკო ზედამხედველობის ფუნქცია დაკარგა. ამ დროისთვის კანონმდებლობის ამ ნორმის გაუქმების შესახებ საკონსტიტუციო სასამართლო მსჯელობს. 

სავარაუდოდ, ბიუჯეტის მხარდამჭერი გრანტებისა და კრედიტების შესრულებაში არსებული გარღვევაა შიდა ვალის ზრდის მიზეზი. სახელმწიფო ხაზინის მონაცემებით, წლის პირველ ათ თვეში შიდა ვალით (სახაზინო ვალდებულებებითა და სახაზინო ობლიგაციებით) მობილიზებულმა თანხამ 300 მილიონი ლარი შეადგინა, ეს კი წლიურ გეგმასთან შედარებით 100 მილიონით მეტია.

კომენტარები