საოკუპაციო ხაზი

ბოკერია: ოკუპაციის შესახებ კანონის ლიბერალიზაცია საზიანო და მავნებლურია

გიგა ბოკერია
ტაბულა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ოკუპაციის შესახებ კანონის ლიბერალიზაციას ეწინააღმდეგება. დეპუტატ გიგა ბოკერიას თქმით, ენმ საპარლამენტო საქმიანობის ფარგლებში ხელს შეუშლის ამ კანონპროექტის მიღებას, რადგან "საზიანოა საქართველოს ეროვნული ინტერესებისთვის".

"პაატა ზაქარეიშვილი აღარ არის ხელისუფლებაში, მაგრამ ამ კანონპროექტის გაწვევა არ მოხდა. თავის დროზე ნაციონალურმა მოძრაობამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ეს კანონპროექტი დაებლოკა. ეს იყო კარგი იმიტომ, რომ ეს არის საზიანო ჩვენი ეროვნული ინტერესებისთვის. ძალიან ცუდია, რომ ჯერჯერობით ჩვენი ქვეყნისთვის საზიანო ინიციატივაზე მთავრობა და საპარლამენტო უმრავლესობა უარს არ ამბობს. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ კვლავ ხელი შევუშალოთ საპარლამენტო საქმიანობის ფარგლებში ამ საზიანო და მავნებლურ კანონპროექტს. შეიძლება ჩვენი ევროპელი პარტნიორების ნაწილს ათასგვარი მოსაზრება ჰქონდეს, მაგრამ ჩვენ უნდა ვიხელმძღვანელოთ ჩვენი ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე. ასოცირების ხელშეკრულება არ გვავალდებულებს ამას და სხვადასხვა მოსაზრება უნდა შევაცვლევინოთ ჩვენს ევროპელ პარტნიორებს მაშინ, როდესაც ჩვენს ინტერესებში არ შედის", - თქვა გიგა ბოკერიამ და აღნიშნა, რომ მოქმედი კანონმდებლობით, აღმასრულებელ ხელისუფლებას აქვს საშუალება, დაუშვას გამონაკლისები. "სწორედ ეს არის სუვერენიტეტის არსი, რომ შენ წყვეტ, როდის, როგორ და ვინ უნდა შემოვიდეს შენი ქვეყნის ტერიტორიაზე. ამ კანონს აქვს სერიოზული დატვირთვა მრავალწლიანი დაპირისპირების ფარგლებში, რომელიც ჩვენს ჩრდილოელ მეზობელთან გვაქვს".

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტმა ოკუპაციის შესახებ კანონის ლიბერალიზაციაზე მსჯელობა განაახლა. მოქმედი კანონმდებლობით, საოკუპაციო ხაზის უკანონოდ პირველადი გადაკვეთის შემთხვევაში მოქალაქის მიმართ იწყება სისხლისსამართლებრივი დევნა. 2013 წელს წარდგენილი კანონპროექტი კი, უკანონოდ პირველად გადაკვეთის შემთხვევაში მხოლოდ ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს, მხოლოდ მეორედ გადაკვეთის შემთხვევაში დადგება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა.

კომენტარები