ბიუჯეტი 2017

2017 წელს მთავრობა 4.1%-იან ბიუჯეტის დეფიციტს გეგმავს

0 კომენტარი
ფოტო: ტაბულა

2017 წლის ბიუჯეტის მაკროეკონომიკური რისკების ანალიზიდან ცნობილი ხდება, რომ მთავრობა მომავალ წელს 4.1%-იან დეფიციტს გეგმავს, ეს კი 3%-იან ლიმიტზე მეტია, რასაც მთავრობას ეკონომიკური თავისუფლების აქტი უწესებს, თუმცა ამის მიუხედავად მთავრობა ამ კანონის მოთხოვნებს არ არღვევს.

"დაგეგმილი საინვესტიციო პროექტების პირობებში 2017 წელს ბიუჯეტის დეფიციტი დაგეგმილია მთლიანი შიდა პროდუქტის 4.1 პროცენტის ოდენობით, ხოლო შემდეგ წლებში მისი თანმიმდევრული შემცირებაა ნავარაუდევი",- წერია მაკროეკონომიკური რისკების ანალიზში.

2017 წლის ბიუჯეტის სხვა თავში, კერძოდ კი მთავრობის ვალის მდგრადობის ანალიზში დეფიციტის შესახებ სრულიად განსხვავებული რამ წერია. ამ დოკუმენტის მიხედვით, 2017 წლისთვის არა 4.1%-იანი, არამედ 2.7%-იანი საბიუჯეტო დეფიციტია დაგეგმილი. 

რა არის ამ დოკუმენტებს შორის არსებული სხვაობის მიზეზი? სავარაუდოდ, მაკროეკონომიკური რისკების ანალიზში საუბარია ბიუჯეტის რეალურ დეფიციტზე, რაც თავის თავში ბიუჯეტის ხარჯებსა და შემოსავლებს შორის სხვაობას აჩვენებს. მთავრობის ვალის მდგრადობის ანალიზში კი სავარაუდოდ დეფიციტის სხვაგვარ განმარტებაზეა საუბარი, რომელიც საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის მიხედვით განმარტებულია როგორც "ბიუჯეტის ნეგატიური სალდო", ამ განსხვავებული განმარტებით კი ბიუჯეტის დეფიციტი 2.7% გამოდის. ეკონომიკური თავისუფლების შესახებ ორგანული კანონიც ბიუჯეტის დეფიციტის სწორედ ამ განმარტებას შეიცავს, შესაბამისად მომავალი წლისთვის მთავრობა თავისუფლების აქტის მოთხოვნებს არ არღვევს.

ეკონომიკური თავისუფლების შესახებ ორგანული კანონი პარლამენტმა 2011 წელს მიიღო. ეს საკანონმდებლო ნორმა არის გარანტი, რომ ქვეყანაში რეფერენდუმის ჩატარების გარეშე არ გაიზრდება და არ დაწესდება არცერთი ახალი გადასახადი. ეს კანონი ასევე მთავრობას ავალდებულებს, რომ მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებით ვალის ტვირთმა არ უნდა გადააჭარბოს 60%-ს, ასევე მთავრობის ხარჯები მთლიან შიდა პროდუქტში არ უნდა აღემატებოდეს 30%-ს, ბიუჯეტის დეფიციტი კი 3%-ზე მეტი არ უნდა იყოს.

თავისუფლების აქტის მიხედვით, დეფიციტის 3%-იანი ნიშნულის გადაჭარბება შესაძლებელია, თუ მთავრობა წარადგენს გეგმას, რომ დეფიციტი მომდევნო წლებში შემცირდება. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დავაკავეთ 6 პირი, მათ საქმის გასარჩევად "კანონიერ ქურდებს", კუსას და ხონსკის მიმართეს

კომენტარები